საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის მრავალწლიან მოდელს ცვლის — პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან მომავალში შუამავალი კომპანიების გარეშე შეიძენს.
ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით საინტერესოა აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის მრავალწლიანი ისტორიის ფონზე. საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2016 წლიდან აზერბაიჯანული ელექტროენერგიის საქართველოში იმპორტსა და საქართველოს გავლით თურქეთში ტრანზიტში შუამავლის ფუნქციას წლების განმავლობაში სულხან პაპაშვილთან დაკავშირებული ოფშორული კომპანიები ასრულებდნენ. პაპაშვილის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან თავიანთი ბენეფიციარობაც დაადასტურეს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 7 ოქტომბრის განცხადებით, ახალი მოდელის მიხედვით, შუამავალი ელექტროენერგიის იმპორტის ჯაჭვიდან საერთოდ ქრება — არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება იმპორტი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის. არცერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი შუამავლის მეშვეობით. კონკრეტულად აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად ყოველწლიურად რამდენიმე მილიონს დაიტოვებს სახელმწიფო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ მთავრობა აღარ ხედავს კერძო შუამავლის საჭიროებას იმ ოპერაციაში, რომლის გამოც, მისივე შეფასებით, სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს კარგავდა.
როგორ გაჩნდა შუამავალი
აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ბიზნესის ისტორია 2015-2016 წლებში იცვლება.
OCCRP-ის, „სტუდია მონიტორის“, iFact-ისა და სხვა პარტნიორი მედიასაშუალებების ერთობლივი გამოძიების მიხედვით, 2015 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტისას ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთის მიმართულებით სამხრეთ კავკასიის ელექტროენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნის განვითარებას ითვალისწინებდა.
მანამდე ელექტროენერგიით ვაჭრობა ძირითადად უშუალოდ ორი ქვეყნის სახელმწიფო ენერგოკომპანიებს შორის ხდებოდა. ვითარება 2016 წლიდან შეიცვალა.
2015 წლის ნოემბერში საქართველოში დაფუძნდა „ელტრანზიტი“, ხოლო ბელიზში — Elgreen Holdings. OCCRP-ის თანახმად, „ელტრანზიტი“, რომელიც სულხან პაპაშვილის დიდი ხნის ბიზნესპარტნიორს ეკუთვნოდა, სახელმწიფო Azerenergy-სგან ელექტროენერგიის შესყიდვასა და თურქეთში გაყიდვაში ჩაერთო.
მოგვიანებით ბიზნესი ოფშორულ სტრუქტურაში გადავიდა: ბელიზში რეგისტრირებულმა Elgreen-მა საკუთარ თავზე აიღო როგორც აზერბაიჯანული ელექტროენერგიის თურქეთში ტრანზიტი, ისე საქართველოში იმპორტი. 2017 წელს საქმიანობა უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ Elgreen Holdings Incorporated-ზე გადავიდა, ხოლო 2023 წლის ოქტომბრიდან ამავე ბიზნესში კიდევ ერთი ემირატული კომპანია — Sheldon Corporation — გამოჩნდა.
ვინ იდგა Elgreen-ის უკან
წლების განმავლობაში ოფშორული კომპანიების საბოლოო მესაკუთრის შესახებ საჯაროდ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობდა.
2024 წელს გამოქვეყნებულ ერთობლივ ჟურნალისტურ გამოძიებაში ეს საკითხი უფრო მკაფიო გახდა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი OCCRP-სა და მის პარტნიორებთან ამბობდა, რომ ბიზნესის სტრუქტურა მისი იდეა იყო და Azerenergy-სთან მოლაპარაკებებიც მან აწარმოა, ხოლო ფინანსურ ინვესტორად სულხან პაპაშვილი მიიწვია.
უფრო მნიშვნელოვანია, რომ პაპაშვილის სახელით ჟურნალისტებს მისმა იურიდიულმა წარმომადგენლებმაც უპასუხეს. OCCRP-ის თანახმად, იურიდიულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ სულხან პაპაშვილი შესაბამისი სამი ოფშორული კომპანიის „ერთადერთი ბენეფიციარი და 100%-იანი აქციონერი“ იყო.
ეს გარემოება არსებითად აკავშირებს მრავალწლიანი შუამავლობის ბიზნესს სულხან პაპაშვილთან.
ამასთან, პაპაშვილის წარმომადგენლები უარყოფდნენ შეფასებას, რომ ბიზნესი მონოპოლიური ან გაუმჭვირვალე იყო. მათი განცხადებით, ელექტროენერგიის აზერბაიჯანიდან შეძენა საქართველოს რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებას ემსახურებოდა და აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტის ბიზნესით სხვა კონკურენტი ეკონომიკური აგენტი დაინტერესებული არ ყოფილა.
ასეულობით მილიონი დოლარის ბიზნესი საუბარია საკმაოდ დიდ ბაზარზე.
OCCRP-ის მიერ გაეროს სავაჭრო სტატისტიკის საფუძველზე ჩატარებული გაანგარიშებით, 2016-2023 წლებში საქართველომ აზერბაიჯანიდან 247 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ელექტროენერგია შეიძინა.
ამავე პერიოდში, ჟურნალისტების მიერ საქართველოს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული შეფასებით, საქართველოს გავლით თურქეთში დაახლოებით 400 მილიონი დოლარის
ღირებულების აზერბაიჯანული ელექტროენერგია გავიდა.
შესაბამისად, 2016 წლიდან ჩამოყალიბებული მოდელი მხოლოდ საქართველოს შიდა იმპორტს არ მოიცავდა — საქართველო აზერბაიჯანული ელექტროენერგიის თურქეთის მიმართულებით სატრანზიტო დერეფნის ფუნქციასაც ასრულებდა.
იმპორტი ბოლო წლებში
სემეკის ენერგობალანსის მონაცემებით, აზერბაიჯანი კვლავ საქართველოსთვის ელექტროენერგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომწოდებელია.
2023 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან დაახლოებით 3.3 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მიიღო; 2024 წელს მოცულობა
დაახლოებით 186 მილიონ კვტ.სთ-მდე გაიზარდა, 2025 წელს — დაახლოებით 417 მილიონ კვტ.სთ-მდე, ხოლო 2026 წლის იანვარ-აგვისტოში დაახლოებით 164 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.
ოფიციალურ ქართულ სტატისტიკაში ბოლო წლებში იმპორტიორად სახელმწიფო „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“ — ESCO — ფიქსირდება. სწორედ აქ ჩნდება მნიშვნელოვანი განსხვავება იმპორტის ქართულ მხარესა და აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მომწოდებელ/შუამავალ კომპანიას შორის.
ESCO-ს საჯარო რეესტრში „თბილისის საინვესტიციო ჯგუფი“ ელექტროენერგიის იმპორტიორად 2016 წლის 20 მაისიდან არის რეგისტრირებული, ხოლო 2019 წლიდან ის ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებლის სტატუსსაც ფლობს.
თუმცა „თბილისის საინვესტიციო ჯგუფის“ პაპაშვილის კომპანიად მოხსენიება ზუსტი არ იქნება. საჯარო წყაროებით კომპანია 2015 წელს „ელტრანზიტის“ სახელით დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელად ვლადიმერ პატარიძე სახელდება. კომპანია ისტორიულად დაკავშირებული იყო ზურაბ ნოღაიდელის ბიზნესგარემოცვასთან.
სულხან პაპაშვილთან პირდაპირ დადასტურებული კავშირი კი ეხება სწორედ ოფშორულ Elgreen Holdings-სა და შემდგომ Sheldon Corporation-ს, რომლებიც აზერბაიჯანული ელექტროენერგიის სავაჭრო ჯაჭვში მონაწილეობდნენ.
რას ნიშნავს კობახიძის განცხადება
7 ოქტომბრის განცხადება ფაქტობრივად ნიშნავს, რომ მთავრობა უარს ამბობს იმ მოდელზე, რომელშიც აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვისას კერძო შუამავალი მონაწილეობდა.
განსაკუთრებით საყურადღებოა პრემიერის მიერ დასახელებული ეკონომიკური ეფექტი: კობახიძის განცხადებით, მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში შუამავლის გამორიცხვით სახელმწიფოს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარი დარჩება.
ამ განცხადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა მოჰყვება: თუ სახელმწიფოს ელექტროენერგიის პირდაპირი შესყიდვა შეუძლია და შუამავლის გამორიცხვა ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარის ეკონომიას იძლევა, რატომ იყო კერძო შუამავალი საჭირო გასული წლების განმავლობაში?
ეს საკითხი წარსულშიც გამხდარა ჟურნალისტური და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესის საგანი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს“ მიერ საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევაშიც აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო უწყებებს სრულად არ ჰქონდათ განმარტებული, რატომ გახდა ელექტროენერგიის იმპორტში შუამავალი კომპანიების ჩართვა აუცილებელი.
ახლა კი თავად მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ შუამავლის არსებობა საჭირო აღარ არის და მისი გამორიცხვა სახელმწიფოს მილიონობით ლარს დაუზოგავს.
ამრიგად, თითქმის ათწლიანი პრაქტიკის შემდეგ იცვლება აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შესყიდვის მოდელი: თუ ახალი სქემა პრემიერის განცხადების
შესაბამისად ამოქმედდება, სახელმწიფო ელექტროენერგიას პირდაპირ, კერძო შუამავლის გარეშე შეიძენს.
ეს, თავის მხრივ, ნიშნავს სულხან პაპაშვილთან დაკავშირებული კომპანიების მიერ წლების განმავლობაში შესრულებული შუამავლის როლის დასრულებას — თუმცა მთავრობის მხრიდან ამ ეტაპზე არც პაპაშვილი, არც Elgreen და არც Sheldon Corporation სახელობით არ დასახელებულა.
ამიტომ პოლიტიკური ან პირადი ურთიერთობის „გაწყვეტაზე“ საუბარი არსებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე დადასტურებული ფაქტი არ არის. დადასტურებულია სხვა რამ: მთავრობა აუქმებს ბიზნესმოდელს, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანული ელექტროენერგიის იმპორტში სულხან პაპაშვილთან დაკავშირებული კერძო შუამავალი წლების განმავლობაში მონაწილეობდა.