ყურძნის სუბსიდირების სისტემა იცვლება და ამიერიდან კომპანიების ნაცვლად, ჭარბ მოსავალს სახელმწიფო ჩაიბარებს. თავის დროზე არაერთგზის გამოთქმული კრიტიკის მიუხედავად, სუბსიდიისთვის უარის თქმა სახელმწიფოს ყოველთვის უჭირდა იმ მოტივით, რომ სექტორი ამისთვის მზად არ იყო. დღესდღეობით მიდგომა შეიცვალა და ყურძნის ფასიც გაიზარდა. სპეციალისტები თვლიან, რომ ახლა მთავარია, კონკურენციის პირობები მყარად იქნას დაცული და სახელმწიფოსთან მიმართებით, კომპანიები არაჯანსაღ პირობებში არ აღმოჩნდენ.
სექტორში საყურადღებოა ფასის საკითხიც, რადგან მიაჩნიათ, რომ საფასო სეგმენტში დივერსიფიცირებამ შესაძლოა, კომპანიების მხრიდან გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვიოს.
რაც შეეხება რთველი 2025 წლის სიახლეს, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში „2025 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ცვლილება შევიდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, განკარგულების თანახმად, გასული წლებისგან განსხვავებით, ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა.
„ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს დადგენილ ფასად: კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს 1,50 ლარად, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს 1,20 ლარად; არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს 1,00 ლარად, ასევე 1,00 ლარად დაზიანებულ/დაავადებულ ყურძენს.
საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილებით, ათასობით მევენახე-ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის. რთველის ფარგლებში, საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება/მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. 2025 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300 ათას ტონის ფარგლებშია.
ფერმერებისთვის ფაქტობრივად არაფერი იცვლება, თუმცა კომპანიებს შესასყიდი ყურძნის ღირებულება უძვირდებათ. როგორც დარგის სპეციალისტმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი სამანიშვილმა ,,რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, დროთა განმავლობაში მექანიმი უფრო დაიხვეწება, მთავარია, კომპანიებს ჭარბი მოსავლის ჩაბარების ვალდებულება მოეხსნებათ.
,,დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა ნიადაგი, რომ ყურძნის სუბსიდიის მიმართულებით მიდგომა შეეცვალათ. ვფიქრობდი, რომ ასეც მოხდებოდა. ცალსახად კარგია, სწორია და ძალიან კარგი, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. საყურადღებო დეტალია ისიც, რომ ფასი გამოცხადდა რთველის დაწყებამდე, ადრე ასე არ იყო, რის გამოც ფერმერები ყოველთვის უკმაყოფილოები იყვნენ. მიმაჩნია, რომ სუბსიდია იყო დიდი შეცდომა, რასაც წლების განმავლობაში ვუშვებდით.
წინასწარ განსაზღვრული ფასი კარგია, თუმცა ვფიქრობ,1-1,20 ლარად განსაზღვრულის საფასური გარკვეულ უსიამოვნებას გამოიწვევს, სავარაუდოდ ყურძნის უმრავლესობა 1,20 ლარად გაიყიდება და დროთა განმავლობაში ეს ხარვეზიც გამოსწორდება.
როგორც ჩანს, სახელმწიფომ დაინახა საჭიროება, რომ ირიბი სუბსიდირება არ არის გონივრული გადაწყვეტილება და უნდა მოიხსნას. მოსავლის ჭარბ რაოდენობას სახელმწიფო შეისყიდის, ესეც სუბსიდირების სხვა სახეობაა, მაგრამ სწორია. პირველ ეტაპზე კარგი დასაწყისია და ფერმერებს თანდათან მეტ სიახლეს შესთავაზებენ. ალბათ, საკმაოდ დიდ რესურსი დაიხარჯება. ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფოს მიერ წარმოებული ღვინო ან სპირტი არ შემობრუნდება ბაზარზე, რადგან ეს უკვე კონკურენციის პირობებს დაარღვევს.
მსოფლიოში ამის არაერთი გამოცდილება არსებობს. წლებია ეს პრაქტიკაა, რომ სახელმწიფო იბარებს და ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება. ფერმერებისთვის, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება, უბრალოდ, დრომოჭმული, უსარგებლო სისტემა გაჩერდა. არც მეღვინისთვის არის დიდი ცვილილება, თუმცა კომპანიების უმეტესობა შეიძლება თეთრ ყურძენზე დაფიქსირებული ფასით უკმაყოფილო იყოს, ცოტა მაღალი მოეჩვენოს. ამაზე მსჯელობა შეიძლება, თუმცა მთლიანობაში ძალიან კარგი და მისაღები მექანიზმია, რაც რთველის წარმატებით ჩატარების შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
რაც შეეხება მეღვინეების პოზიციას, სექტორი მიესალმება, რომ კომპანიებს ყურძნის ჩაბარების ვალდებულება მოეხსნათ, თუმცა ფასის ნაწილში გარკვეული დაბნეულობა მაინც შეინიშნება. როგორც „ჯაყელების ორგანული ვენახი და ღვინოების“ თანადამფუძნებელმა ზაზა ჯაყელმა აღნიშნა, ღვინის მწარმოებლები კვლავ არათანაბარ პირობებში არიან და სამომავლოდ ამაზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ დიფერენცირება არ ხდებოდეს.
,,დავიწყებ იმით, რომ ყურძნის სუბსიდირების გაუქმება ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. აქამდე არსებული სისტემის მიმართ ყოველთვის გამოვთქვამდი უარყოფით აზრს, რადგან მიმაჩნდა, რომ სუბსიდია და მთავრობის იმედად ყოფნა ხალხისთვის დათვური სამსახურია, რაც ადამიანებს აზარმაცებს და სხვაზე დამოკიდებულს ხდის. მე პირადად ნატურალურ ღვინოს ვაწარმოებ, არ მაქვს ის პროდუქტი, რომლის სუბსიდირებასაც ახდენენ და შეიძლება ითქვას, რომ ვიჩაგრები.
მიუხედავად იმისა, რომ სიახლეს დადებითად ვაფასებ, ფასთან დაკავშირებით დავა შეიძლება. ვთვლი, რომ გარკვეული დისკომფორტი შეიძლება გამოიწვიოს. სახელმწიფო ადამიანებს უნდა სთავაზობდეს თანაბარ პირობებს, ნატურალურ ღინოს აწარმოებს თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფერმერები თანასწორ პირობებში უნდა იყვნენ. არასწორია მეწარმის და პროდუქტის გამორჩევა, მოგწონს თუ არა, ყველასთვის ერთი და იგივე პირობები უნდა იყოს. შეიძლება კომპანიების ნაწილი მომგებიან მდგომარეობაშია, მაგრამ ძვირადღირებულ პროდუქციის მწარმოებლები აშკარად არასახარბიელო პოზიციაში ვრჩებით“, - თქვა ზაზა ჯაყელმა.
აღსანიშნავია, რომ ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს. რთველი 2025-ის საკოორდინაციო შტაბის განთავსების მისამართია: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი გურჯაანი.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.