ბათუმის მერია 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებას გეგმავს და ეკონომიების ხარჯზე გამოთავისუფლებული თანხის გადანაწილების გარდა, ზოგიერთ საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის – როგორც თავად განმარტავს, „შემოსულობების გათვალისწინებით“.
ცვლილება საკრებულომ 30 მარტს დაგეგმილ სხდომაზე უნდა დაამტკიცოს. ამავე სხდომაზე მერიამ საკრებულოს გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიც უნდა წარუდგინოს.
ანგარიშის მიხედვით, ადმინისტრაციული მოსაკრებლებისა და გადასახდელების სახით ბიუჯეტში ასახულია 89 მილიონ 390 400 ლარი. მათ შორის ყველაზე მეტი – 73 მილიონ 934 ათასი ლარი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელია.
9 მილიონ 408.1 ლარი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელია. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო კი ბიუჯეტში, ჯარიმის სახით, 1 მილიონ 581 ათასი ლარი შევიდა.
ჯარიმებისა და საურავების სახით ბიუჯეტში მობილიზებულია 19 მილიონ 602 ათასი ლარი, პროგნოზი 10 მილიონი იყო.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებიდან ბიუჯეტში 13 მილიონ 676 ათასი ლარია ასახული. მათ შორის უბილეთო მგზავრობის გამო დაჯარიმებულებს ბიუჯეტში 271 600 ათასი ლარი შეუტანიათ, ავტომობილის გაჩერების წესების დარღვევისთვის კი – 56 100 ლარი.
საერთო ჯამში, ბათუმში მძღოლები 22,7 მილიონით დააჯარიმეს მოძრაობის წესების დარღვევისთვის.
ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის საკრებულომ 30 მარტს უნდა დაამტკიცოს, მერია განმარტავს, რომ 2025 წლის ბოლოსთვის შემოსავლების გადაჭარბებამ ბიუჯეტში ნაშთის დაგროვება გამოიწვია.
ამ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ბათუმის ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 472 მილიონ 982 600 ლარი იყო, შესრულება 475 მილიონ 917 ათასი ლარია.
გადასახადების იმ ნაწილში, რომლითაც მერია ინფრასტრუქტურულ პროექტებს აფინანსებს, ბიუჯეტი ისევ გაირღვა: გეგმა 565 მილიონ 888 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი 486 მილიონ 198 შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ გადასახდელების ნაწილში ბიუჯეტი 85.9%-ით შესრულდა.
2025 წლის ბიუჯეტში ქონების გადასახადის სახით 63 მილიონი ლარი შევიდა, გეგმა 48 მილიონი იყო.
2025 წელს სხვა შემოსავლების საპროგნოზო მოცულობა 104 მილიონ 603 ათასი ლარი იყო, ფაქტობრივად 133 მილიონ 233 600 ლარი შევიდა ბიუჯეტში, ანუ გეგმა 127.4%-ით შესრულდა.
სხვა შემოსავლების წილი ბათუმის ბიუჯეტის მთლიან შემოსულობებში 28,0%-ია.