დღეს ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთულია. დამფუძნებლებს ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე არასტაბილურ და მომთხოვნ გარემოში უწევთ მუშაობა. დაფინანსების მოზიდვა გართულებულია, მარცხის მაჩვენებელი მაღალია, ტექნოლოგიები კი ელვის სისწრაფით იცვლება. გარე წნეხთან ერთად იზრდება ფსიქოლოგიური ტვირთიც. კვლევების მიხედვით, ანტრეპრენერთა თითქმის 88% მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ერთ გამოწვევას მაინც აწყდება. ნახევარზე მეტს შფოთვა აწუხებს, ხოლო მესამედზე მეტი პროფესიულ გადაწვაზე საუბრობს. რიგით მოსახლეობასთან შედარებით, მათში დეპრესიის რისკი ორჯერ მაღალია.

ამ ყველაფერს ერთი უხილავი ფაქტორი – საკუთარ თავში ეჭვის შეტანა კიდევ უფრო ამძიმებს. მიუხედავად იმისა, რომ იდეებისა თუ შესაძლებლობების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ბუნებრივია, ყურადღების მიღმა დარჩენილი ეჭვი შესაძლოა დამანგრეველ ძალად იქცეს. დამფუძნებლებისთვის თავდაჯერებულობა ყველაზე ძვირფასი ვალუტაა. საზოგადოება მათგან გამუდმებით სიმტკიცესა და ბიზნესის ყველაფერზე მაღლა დაყენებას ელის. ვინაიდან ეჭვები ხშირად სისუსტედ აღიქმება, მას საგულდაგულოდ მალავენ. ამიტომაცაა, რომ სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენელთა 82%-ს მენტალურ ჯანმრთელობაზე ღიად საუბარი უჭირს, კომპანიების მხოლოდ 7%-ს კი ამ მიმართულებით ოფიციალური მხარდამჭერი პოლიტიკა აქვს.

სინამდვილეში, მთავარი პრობლემა არა თავად ეჭვი, არამედ მასთან გამკლავების უცოდინრობაა, ამიტომ:

დაარქვით სახელი სიგნალს

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პრობლემისთვის სახელის დარქმევა. გაიაზრეთ, რომ ეჭვი ახლის შექმნის პროცესის ნორმალური თანმდევი მოვლენაა. დააკვირდით, რა იწვევს მას – ინვესტორებთან შეხვედრა, ზრდის ტემპის შენელება თუ ფინანსური კრიზისი. როდესაც ხვდებით, რომ თქვენი ეჭვები გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება და შემთხვევითი არ არის, მას გარდაუვალი მარცხის მტკიცებულებად აღარ აღიქვამთ. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელმაც სპეციალისტებს მიმართა, აღმოაჩინა, რომ მისი ეჭვები ინვესტორებთან ყოველი შეხვედრის წინ მწვავდებოდა. შემოსავლების მცირედი ვარდნაც კი მისთვის იმის მტკიცებულება იყო, რომ ლიდერობისთვის შეუფერებელი გახლდათ.

ისესხეთ პერსპექტივა

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ალტერნატიული პერსპექტივის ძიებაა. სტარტაპის ლიდერობა ხშირად მარტოსული პროცესია. ინვესტორებთან და ბორდის წევრებთან ურთიერთობა ძირითადად შედეგებზეა მიბმული, ამიტომ მათთან სისუსტის გამოჩენა სარისკოდ აღიქმება. საგულისხმოა FreshBooks-ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებაც, რომ ეჭვი გადაღლილობისა და მარტოობის ნაყოფია. გარეშე პირის შეფასების გარეშე, ბუნდოვანება მძაფრ თვითკრიტიკაში გადადის და დროებითი წარუმატებლობა არაკომპეტენტურობად გეჩვენებათ. ამის თავიდან ასაცილებლად, იპოვეთ სანდო ადამიანები – კოლეგები, მენტორები ან სხვა დამფუძნებლები, ვისთანაც ხმამაღლა ფიქრს შეძლებთ.

გადაიტანეთ ყურადღების ცენტრი

ასევე აუცილებელია ყურადღების ცენტრის გადატანა. დაუპირისპირდით მითს, რომ კომპანიის გმირული ცენტრი აუცილებლად თქვენ უნდა იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესის ჩვეულებრივი რყევებიც კი პერსონალურად შეგეხებათ. ყურადღება საკუთარი თავიდან კომპანიის მისიაზე გადაიტანეთ. გააზიარეთ მთავარი გამოწვევები და მიეცით გუნდს ჩართულობის საშუალება. როცა ფიქრის პროცესს ანაწილებთ, ფსიქოლოგიურ ტვირთსაც იზიარებთ.

გამიჯნეთ იდენტობა შედეგისგან

არანაკლებ მნიშვნელოვანია იდენტობისა და შედეგის გამიჯვნა. როცა თქვენი რეპუტაცია და ფინანსები ბიზნესის წარმატებაზეა მიბმული, რთულია, კომპანიის შედეგებმა თქვენი თვითშეფასება არ განსაზღვროს. გააფართოვეთ წარმატების აღქმა კომპანიის ღირებულებისა და მოგების მიღმა. დაფიქრდით თქვენი ცხოვრების სხვა სფეროებზე – პირად ურთიერთობებზე, ჯანმრთელობასა თუ საზოგადოებაზე.

აღნიშნეს გამარჯვებები

აუცილებლად აღნიშნეთ მცირე გამარჯვებები. პროგრესის აღნიშვნა ფუფუნება არ არის, ეს სტრატეგიული ნაბიჯია. მუდმივმა რბოლამ პაუზის გარეშე შესაძლოა სრულ გადაწვამდე მიგიყვანოთ. მცირე მიღწევების დაფასება ბადებს სიხარულს, ზრდის ჩართულობას და აღვიძებს კრეატიულობას.

წყარო: HBR;  www.marketer.ge