გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო.
დეპარტამენტის განცხადებით, ფოთში, თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს მიერ, ნავმისადგომზე, სეინერებიდან სპეციალურ ავტომანქანებში, შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე მოპოვებული თევზის გადმოტვირთვა ხორციელდებოდა, რა დროსაც დაფიქსირდა გამოყენებული/ნაწრეტი სისხლნარევი წყლების ხმელეთიდან ზღვის ავკატორიაში ჩაღვრა.
შედგა ინსპექტირების აქტი. საქმისწარმოების დასრულების შემდეგაც, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“-წერს გარემოს ზედამხედველობა.
22 მარტს ფოთიდან ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს პლაჟზე გამორიყული მკვდარი ფრინველები და დელფინი.

მკვდარი ფრინველები და დელფინი ფოთის სანაპიროზე.
მოქალაქეებს ფეისბუქზე მონიშნული ჰქონდათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც და ითხოვდნენ შესაბამის რეაგირებას.
„ვირუსის შემთხვევაში, გავრცელების სერიოზული საშიშროება არსებობს,“- წერდნენ მოქალაქეები.
ამ საკითხზე „ბათუმელები“ გარემოს დაცვას დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ შეისწავლეს ეს საკითხი და მიმდინარეობდა თუ არა მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია ფრინველების დახოცვა ზღვის სანაპიროზე.
უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს, უცნობია, რადგან მაშინ გარემოს დაცვის პრესსამსახურში გვიპასუხეს, რომ მოკვლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იწყება, თუ უწყებას ვინმე განცხადებით მიმართავს.
„ასეთი განცხადება კი უწყებაში არ შემოსულა,“-გვითხრეს პრესსამსახურში.