YouTube-მა პლატფორმაზე სიახლეების დანერგვის შესახებ განაცხადა. კომპანია ამჟამად ახალ ფუნქციას ტესტავს, რომელიც მომხმარებლებს ვიდეოების წინასწარი გადახედვის საშუალებას აძლევს. მთავარ გვერდზე სპეციალურ ქარდზე დაკლიკების შემდეგ, მაყურებელს მისთვის უკვე რეკომენდებული ვიდეოებიდან 5-10 მოკლე, საინტერესო ეპიზოდი გამოუჩნდება. ამის შემდეგ კი, სურვილის შემთხვევაში, მას შეუძლია სრული ვერსიის ყურება ან მისი „მოგვიანებით სანახავად“ შენახვა.

არსებითად, სისტემა თავად აგენერირებს საუკეთესო მომენტების ერთგვარ კრებულს, რათა პოტენციურ მაყურებელს ზუსტი კონტექსტი შეუქმნას იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდოს ვიდეოსგან. ეს ცვლილება მომხმარებლებს დაეხმარება, თავი აარიდონ გადაჭარბებული და შეცდომაში შემყვანი Thumbnail-ებით გამოწვეულ იმედგაცრუებას.

თუმცა, ის, რაც მაყურებლისთვის კომფორტია, შესაძლოა ცუდი ამბავი აღმოჩნდეს კონტენტ კრეატორებისთვის, რადგან მათთვის ვიდეოს ვიზუალური შეფუთვა ნახვების გენერირების უმთავრესი იარაღია. მაგალითისთვის, პლატფორმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარსკვლავი MrBeast უზარმაზარ რესურსს ხარჯავს ამ მიმართულებით. მის უკან დგას მთელი გუნდი, რომელიც თითოეული ვიდეოსთვის 20-მდე ალტერნატიულ ყდას ქმნის და საუკეთესოს შესარჩევად უამრავ ექსპერიმენტს ატარებს. მთელი ეს პროცესი და თითოეული იდეალური ვიზუალის მიღება მას დაახლოებით 10,000 დოლარი უჯდება.

იმის ფონზე, რომ ავტორები ვიზუალურ შეფუთვას ამხელა ყურადღებას აქცევენ, YouTube-ის მხრიდან მაყურებლის არჩევანის პროცესის სრულიად სხვა ფაქტორებზე გადატანა კრეატორებისთვის საკმაოდ ძვირადღირებული ცვლილება აღმოჩნდება. დიდი ალბათობით, ეს მათ მიდგომების რადიკალურად შეცვლისკენ უბიძგებს.

მიუხედავად კრეატორების შესაძლო უკმაყოფილებისა, ფაქტია, რომ მაყურებლისთვის ეს არის ბევრად მარტივი გზა რელევანტური კონტენტის მოსაძიებლად და ალგორითმის მიერ შერჩეული საკვანძო მომენტების დასაჭერად. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ მცირე მასშტაბის ექსპერიმენტია და ახალი ფუნქცია Android-ის აპლიკაციის მომხმარებელთა მხოლოდ მცირე პროცენტისთვისაა ხელმისაწვდომი.

წყარო: Socialmediatoday; www.marketer.ge