ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, ძეგლის დაცვის ზონაში, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭემ“ ისტორიული სახლი დაანგრია და აქ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. 2019 წელს აქ 18-სართულიანი კორპუსის მშენებლობა „დექსტერ დეველოპმენტს“ სურდა, თუმცა ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ ნებართვა არ გასცა,  მოტივი – სამშენებლო ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია და მაღლივი მშენებლობა ძეგლებს დაჩრდილავს.

ამ საქმესთან დაკავშირებით მას ფარული სატელეფონო ჩანაწერიც გაუვრცელეს, სადაც ამბობდა, რომ ამ საკითხს დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტდა და უფრო „მაღალ დონეზე“ შესათანხმებელი იყო.

„დექსტერ დეველოპმენტის“ წარმომდგენლები თავის დროზე დაჟინებით ითხოვდნენ ნებართვის გაცემას და საჯაროდ მიუთითებდნენ ხელოვნური ბარიერების შექმნაზე. მათ მერიას ადგილის ჩანაცვლებასაც კი სთხოვდნენ, მაგრამ ამ კომპანიამ ვერც ნებართვა მიიღო და ვერც სხვა შეთავაზება…

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭე“ სამშენებლო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრედ „დექსტერ დეველოპმენტის“ ნაცვლად ნინოშვილის #25-ში 2024 წლიდან გამოჩნდა, შემდეგ კი მიწის ნაკვეთი, თავისი შენობით სრულად დაირეგისტრირა.

2026 წლის 18 მარტს კი კომპანიამ აქ 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა მიიღო.

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ახალი კორპუსი ავარიული სახლების პროგრამის ფარგლებში შენდება, რადგან ნინოშვილის #25-ში მდებარე შენობა ავარიული სახლების ნუსხაში იყო.

მშენებლობა ორ ძეგლს შორის არის დაგეგმილი და პროექტის მასშტაბის მიხედვით ის ორივე ძეგლის ხედვის არეალს შეზღუდავს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობებს კანონი იცავს, რომლის მიხედვითაც ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში დაუშვებელია ისეთი მშენებლობა, რომელიც ძეგლს დათრგუნავს.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი, სადაც ახალი კორპუსი უნდა ააშენონ, ნინოშვილის #25-ში მდებარეობს და 1193 კვ.მეტრია, #23-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა მდებარეობს, რომელიც ასევე „გუმბათის“ საკუთრებაა. აქ სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, გაცემულია ამ შენობის რეაბილიტაციის ნებართვა და მის იერ-სახეს შეინარჩუნებენ.

მონიშნულია სამშენებლო ტერიტორია

ძეგლის სტატუსი აქვს ნინოშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში მდებარე სახლსაც. სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, ეს სახლი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში და შპს „გეოგრაფიკის“ სპეციალისტები მას აღწერენ, როგორც აგურის არქიტექტურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს ბათუმში:

„არც თუ ისე დიდი მასშტაბის მიუხედავად, შენობას არსებითი როლი აქვს სანაპირო ბულვარის მიმდებარე განაშენიანების სახის შექმნაში. ამგვარი მდებარეობა უზრუნველყოფს შენობის კარგ ხილვადობასა და ადეკვატურად აღქმის შესაძლებლობას. დატვირთვის თვალსაზრისით შენობის მდებარეობა მოხერხებულია, ავტოსადგომისთვის რესურსი არსებობს, თუმცა მოცემული ტერიტორიის დატვირთვიდან გამომდინარე, მაინც არასაკმარისია.“

უკვე დანგრეული ისტორიული სახლი და სახლი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს

სამშენებლო მიწის ნაკვეთიდან მარცხნივ კიდევ ერთი ძეგლია, რომელიც ასევე „გუმბათის “ საკუთრებაა

სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ნებართვა გაცემულია 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე ანტრესოლით. შენობის მაქსიმალური სიმაღლე 47.50 მეტრი იქნება. როგორც სამშენებლო დოკუმენტებში ვკითხულობთ, „ავტოსადგომის რაოდენობა განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი ნორმის არანაკლებ 40% შესაბამისად.“

პროექტის რენდერი

სამშენებლო ნებართვის გაცემის ბრძანების მიხედვით, რომელსაც ხელი ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ მოაწერა, ვიგებთ მერიის ახალი მიდგომის შესახებ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით. მერიამ გადაწყვიტა დააზღვიოს შენობის ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, რაც ბათუმისთვის სერიოზული გამოწვევაა იმ თვალსაზრისით, რომ ბინების გაყიდვის შემდეგ მშენებლები ამ პროცესის დაწყებას არ ჩქარობენ. 

ამჯერად მერიამ კომპანიას შეთანხმებული პროექტის ექსპერტიზით დადასტურებული ღირებულების 20- პროცენტიანი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მოსთხოვა.

გარდა ამისა, კომპანია მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შეყვანის უზრუნველყოფის მიზნით, ნებართვით განსაზღვრულ ვადაში და პირობებით, მერიის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთავს თავის საკუთრებაში რეგისტრირებული სასარგებლო ფართობების საერთო ჯამის არანაკლებ 10 %-ს. კომპანია ამ ფართობებს მერიის თანხმობის გარეშე ვერ გაყიდის.

მერია ასევე წერს, რომ აღნიშნული სამშენებლო ობიექტისთვის არ არის გათვალისწინებული სანიაღვრე სისტემაში გრუნტის წყლების ჩაშვება.

შპს „გუმბათი ბულვარის კარიბჭეს“ ლაშა ბალაძე ფლობს. ის „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. 2011 წლიდან დღემდე მან „ოცნებას“ 240 000 ლარი შესწირა.

batumelebi.netgazeti.ge