პოლონელების თითქმის 23 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანამ ევროკავშირი უნდა დატოვოს - ასეთი შედეგი აჩვენა სამაუწყებლო კომპანია Polsat News-ის დაკვეთით IBRiS-ის მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ.

კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 72.8 პროცენტი ევროკავშირში დარჩენას უჭერს მხარს. მათი 50.7 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლონეთი „ნამდვილად“ უნდა დარჩეს ევროკავშირში, ხოლო 22.1 პროცენტი ევროგაერთიანებაში ქვეყნის დარჩენას „უფრო“ ემხრობა, ვიდრე გასვლას.

Polsat News-ის ცნობით, ევროკავშირში ყოფნის მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქალებში, 60-69 წლის მოქალაქეებში, 250-ათასიანი და უფრო დიდი ქალაქების მოსახლეობაში და უმაღლესი განათლების მქონე პირებში.

ამავდროულად, გამოკითხულთა 22.9 პროცენტმა ევროკავშირის დატოვებას დაუჭირა მხარი - 16.2 პროცენტი აცხადებს, რომ პოლონეთის გასვლას „უფრო“ ემხრობა, ვიდრე დარჩენას, ხოლო 6.7 პროცენტი საბოლოო გასვლას უჭერს მხარს.

დარჩენილმა 4.3 პროცენტმა პასუხისგან თავი შეიკავა.

Polsat News-ის თანახმად, გასვლის მტკიცე მხარდამჭერებს შორის სჭარბობენ 50-59 წლის ადამიანები და 50 ათასი და უფრო ნაკლები მოსახლეობის მქონე პატარა ქალაქების მცხოვრებლები.

გამოკითხვის ფარგლებში, რესპონდენტებს ასევე დაუსვეს კითხვა პოლონეთისთვის ევროკავშირის წევრობის სარგებლიანობის შესახებ. უმრავლესობამ (56.5 პროცენტმა) განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობით უფრო მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე იზარალა, ხოლო 18.1 პროცენტმა საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა.

გამოკითხულთა 16.7 პროცენტმა აღნიშნა, რომ სარგებელი და დანაკარგი თითქმის ერთნაირია, 8.7 პროცენტს კი პასუხის გაცემა გაუჭირდა.

შეხედულებები მკვეთრად განსხვავდებოდა პოლიტიკური ნიშნით. ოპოზიციური პარტიის („კანონი და სამართლიანობა“ - PiS) მხარდამჭერ რესპონდენტთა უფრო დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრობამ უფრო მეტი დანაკარგი მოიტანა, ვიდრე სარგებელი - 31.1 პროცენტი 11.8 პროცენტის წინააღმდეგ.

მათგან განსხვავებით, მმართველი „სამოქალაქო კოალიციის“ მხარდამჭერები, უმეტესწილად, ევროკავშირის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი - 98.6 პროცენტი ამბობს, რომ ევროინტეგრაცია სასარგებლო აღმოჩნდა.

გამოკითხვა 19-დან 22 მარტამდე, 1 000 ზრდასრული რესპონდენტის სატელეფონო გამოკითხვის გზით ჩატარდა.

მიმდინარე თვეში ყოფილმა მინისტრმა (სავარაუდოდ, კონრად შიმანსკი - რედ.) გააფრთხილა საზოგადოება, რომ პოლონელ მემარჯვენეებში მზარდმა ანტიევროკავშირულმა განწყობებმა, შესაძლოა, ქვეყანას ბრიუსელთან ბრექსიტის სტილის განხეთქილებისკენ უბიძგოს.

წყარო: polsatnews.pl;   1 არხი