„სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც გეოლოგიური დასკვნა გვაქვს და არც ის ვიცით, რამ გამოიწვია მეწყერი. არც სოფლისკენ მიმავალი გზა გახსნილა, არც სახლებში დაბრუნების უფლება გვაქვს, რომ ნივთები ავიღოთ.
ამ ეტაპზე, გაგვიყვანეს ქირით და ესაა,“ – სოფელ კურსების მცხოვრები ხატია ბეროძე „ბათუმელებს“ უყვება, როგორ ცხოვრობენ სოფლიდან ერთი ხელი ტანსაცმლით გამოქცეული ადამიანები.
12 მარტის ღამეს სოფელ კურსების მცხოვრებები საწოლებიდან წამოცვივდნენ და ისე გამოიქცნენ საკუთარი სახლებიდან, მხოლოდ იმის წამოღება შეძლეს, რაც ტანთ ეცვათ ან რაც იმ მომენტში ხელში მოჰყვათ.
ადამიანებმა ვერ გამოიტანეს ვერაფერი – ვერც პირადი ნივთები, ვერც ტექნიკა, ზოგმა დოკუმენტების გამოტანაც ვერ შეძლო.
სოფელ კურსების დატოვება 46 ოჯახს მოუწია. გეოლოგების ინფორმაციით, მეწყრულ ზონაში მოქცეული 46 სახლიდან მხოლოდ 13 სახლში შეიძლება გადაადგილება და ნივთების გამოტანა. 17 სახლი სრულადაა დანგრეული – სახლები მიწაში ისე ჩაიმარხა, მხოლოდ სახურავები ჩანს.

12 მარტამდე, სანამ მეწყერი დაანგრევდა, ეს სახლი იყო და აქ ოჯახი ცხოვრობდა ფოტო: მარიამ ბეროძე
მეწყერმა 60 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ტყიბულის მერიამ დაზარალებული ოჯახები თავდაპირველად სასტუმროებში განათავსა. მოგვიანებით კი ნაწილი, ვინც შესაფერისი ბინა იპოვა, ქირით გაიყვანა. ნაწილი ისევ სასტუმროებში რჩება.
„ვინც რა თანხაში იპოვა ბინა, ის თანხა დაფინანსდა. ჩვენ, მაგალითად, 1000 ლარში ვნახეთ და ეს თანხა დაგვიფინანსა მერიამ. ზოგმა 1500-ში ნახა, ბევრი ვინც იყვნენ ოჯახში, იმათაც სრულად დაუფინანსეს. სულადობის მიხედვით იანგარიშა მერიამ ქირის თანხა,“ – ამბობს ხატია ბეროძე.
სოფელ კურსებიდან გამოყვანილი ოჯახები ტყიბულის მერიამ პირველ ეტაპზე 6 თვის საცხოვრებელი ქირით უზრუნველყო.
ხატიას თქმით, მეწყრით დაზარალებულმა ოჯახებმა ერთჯერადი დახმარებაც მიიღეს – სულზე 500 ლარი.
რა იქნება ახლა? – ეს არის კითხვა, რომელზე პასუხსაც კურსების მცხოვრებები ეძებენ.
„სიმართლე რომ გითხრათ, ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ იქვე სოფელში გამოყონ მიწის ნაკვეთები და იქ აგვიშენონ სახლები. იმიტომ, რომ ასე გაცილებით უფრო იაფი დაუჯდება სახელმწიფოს, ვიდრე ის, რომ ზარალი დათვალოს და რეალურად შეაფასოს, რა ოდენობის ზარალი მივიღეთ.
იქვე სოფელში არის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები და იქნებ მოხდეს იქ [სახლების აშენება],“ – ამბობს ხატია ბეროძე.
ხატიას თქმით, ამჟამად სწავლობენ იმ ტერიტორიას, რომელზეც მოსახლეობამ მიუთითა მუნიციპალიტეტს, რამდენად შეიძლება იქ სახლების აშენება და რამდენად უსაფრთხოა.
დაზარალებულები არ არიან თანახმა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ 30 ათას ლარზე, რომელსაც, როგორც წესი, სახელმწიფო მსგავს შემთხვევებში გასცემს. თუმცა საბოლოო შეთავაზება ჯერ სახელმწიფოს არ გაუკეთებია მათთვის და ყველა მოლოდინის რეჟიმშია.
სოფელი კურსები მუნიციპალურად ტყიბულს ეკუთვნის, მაგრამ ქუთაისთან ახლოსაა.
ტყიბულსა და კურსებს შორის 31 კმ. გზაა, ქუთაისიდან კი სოფელი 11 კილომეტრითაა დაშორებული.
„ჩვენი სოფელი მჭიდროდ დასახლებული იყო, ერთი-ორი სახლი თუ იყო, სადაც არავინ ცხოვრობდა. აქ მიწაც ძვირია. მუნიციპალურად ტყიბულს ვეკუთვნით, მაგრამ ქუთაისთან ვართ ახლოს. მე, პირადად, ქუთაისში ვმუშაობ, ჩემი შვილი ბაღში ქუთაისში დადის,“ – გვიყვება ხატია.
სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება გეოლოგიური დასკვნა, რომელიც განმარტავს, თუ რამ გამოიწვია მეწყერი.
სოფელი კურსები ჩაკეტილია და იქ არავის უშვებენ, არც მცხოვრებებს, არც ჟურნალისტებს.
25 მარტს სამთავრობო ტელევიზია „იმედმა“ გაავრცელა დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსის დურუ ჭელიძის კომენტარი.
„ძველმეწყრული სხეულის რეაქტივიზაცია მოხდა და ძირითადად მოიცავს 60 ჰექტარს. 1-2 წელი კი არა, 100 და ათასი წელი უნდა რომ ჩამოყალიბდეს ძველმეწყრულსხეულად და მერე მოხდეს მასზე განლაგება სახლების.
შარშან ძალიან დიდი თოვლი იყო და ჩაჟონვა ბევრი ხდებოდა. ახლა წვიმები არის ხო? შეიძლება წლიური ნალექი არ იყოს იმდენი ცვალებადი, მაგრამ ერთ თვეში მოვიდეს ერთი წლის მარაგი და ის იწვევს. ძირითადად მაგი იწვევს,“ – თქვა დურუ ჭელიძემ კურსებში მომხდარი მეწყრის მიზეზებზე საუბრისას.
სანამ გეოლოგიური დასკვნა იქნება და სახელმწიფო დაზარალებულებს ადეკვატურ კომპენსაციას შესთავაზებს, სოფლის დასახმარებლად ფონდი შეიქმნა.
ფონდში შესული თანხა დაზარალებულ ოჯახებს შორის გადანაწილდება.