შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი შესაძლოა ახალი, მწვანე დერეფნის შექმნის საფუძველი გახდეს. შავ ზღვაში წყალქვეშა ელექტრო ხაზის მშენებლობისთვის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევის პარალელურად, ირკვევა, რომ აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ყაზახეთი ტრანსკასპიური წყალქვეშა ხაზის მშენებლობის შესაძლებლობებსაც განიხილავენ.

თუკი ასეთი ელექტროგადამცემი ხაზის აშენება მოხდება ის ყაზახეთის, უზბეკეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში ტრანსპორტირების ერთიან სისტემას შექმნის.

„ეს იქნებოდა გაზის სამხრეთის დერეფანზე უფრო მსხვილი პროექტი“ - თქვა გასულ კვირას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშაში, მეორე გლობალურ მედიაფორუმზე ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ და იმ საკმაოდ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც აზერბაიჯანი განახლებადი ენერგიების ათვისების კუთხით ახორციელებს.

„სულ რამდენიმე თვის წინ ჩვენ უზბეკეთთან და ყაზახეთთან გავაფორმეთ მემორანდუმი, რათა კასპიის ზღვაში წყალქვეშა კაბელის ჩადების შესაძლებლობა შევისწავლოთ. ეს ორივე ქვეყანაც ფლობს ძალიან დიდ პოტენციას აწარმოონ ელექტროენერგია განახლებადი წყაროებიდან და ამ კუთხით რამდენიმე პროექტი უკვე განხორციელების ეტაპზეა. ასე რომ, თუკი ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვგეგმავთ, ჩვენ გვექნება მწვანე ენერგიის კაბელი რომელიც გაიჭიმება უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით რუმინეთში - ეს პროექტი იქნებოდა გაზის სამხრეთის დერეფანზე უფრო მსხვილი პროექტი, მაგრამ ჩვენ გვინდა თანამშრომლობა და კოორდინაცია“, - თქვა ილჰამ ალიევმა.

ამ გეგმების რეალურ სივრცეში გადმოტანას მისი მოცულობითი ბიუჯეტები და ტექნიკური სირთულე აფერხებს.

რა პოტენციალი აქვს წყალქვეშა კაბელებით შუა აზია - კასპის ზღვა- აზერბაიჯანი - საქართველო - შავი ზღვა -რუმინეთის ერთიანი გადამცემი ხაზის შექმნას? - ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილის აზრით, „საუკეთესო შემთხვევაში ამ პროექტების განხორციელებას მინიმუმ 8-10 წელი დასჭირდება.“ მას საკუთარი ნათქვამის არგუმენტად მაგალითად დანია -ბრიტანეთის მაღალი ძაბვის წყალქვეშა კაბელი მოჰყავს, რომლის განხორციელებას 10 წელი დასჭირდა. ამ კაბელისგან (სიგრძე 770 კმ) განსხვავებით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი უფრო გრძელია (1200 კმ) და სიღრმეც 3-ჯერ მეტი.

„ეს გაართულებს პროექტის მშენებლობას. ეს იქნება უზარმაზარი პროექტი, რომელიც გაგრძელდება მრავალი წელი და დასჭირდება დიდი თანხები. ნამდვილად მილიარდი დოლარი ან მეტი“, - ამბობს ენერგეტიკოსი

არჩილ მამათელაშვილი თვლის, რომ პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა და კომერციულად მოგებიანობა ტექნიკურ-ეკონომიკურმა კვლევამ უნდა დაადასტუროს. ამ შემთხვევაში დასათვლელია გაუწევს თუ არა ფასით კონკურენციას წყალქვეშა კაბელით მიწოდებული ელექტროენერგია ევროპაში წარმოებულს.

„აქაც ევროპიდან უნდა იყოს მზაობა, რომ ის ხარჯები, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისთვის იქნება საჭირო, კომერციულად მისაღები იყოს. რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება, ვიდრე არ მოხდება ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რა დაჯდება იმ ელექტროენერგიის წარმოება და ტრანსპორტირება, რომელმაც ძვირად ღირებულ წყალქვეშა კაბელში უნდა გაიაროს. ვფიქრობ, ევროპაში იაფი განახლებადი ელექტროენერგიის წარმოება იმდენად იზრდება, რომ ასეთი ტიპის ტრანსპორტირების საშუალებით მიწოდებულ ენერგიას კონკურენციის გაწევის ნაკლები შანსი ექნება“, - ამბობს არჩილ მამათელაშვილი.

მისი თქმით, ამ დროისათვის, საქართველოს მთავარი ამოცანა განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისება და თურქეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან სახმელეთო გადამცემი ხაზების სიმძლავრის გაძლიერებაა.

„უნდა მოხდეს არამხოლოდ სხვისი ენერგიის ტრანზიტი, არამედ საკუთარი წარმოების ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა“, - მიიჩნევს მამათელაშვილი.  (წყარო: bm.ge)

საქართველოს მთავრობა შავი ზღვის წყალქვეშა პროექტზე დიდ იმედს ამყარებს. ცოტა ხნის წინ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, თქვა, რომ საქართველომ ამ პროექტში ახალი ევროპული დანიშნულება და როლი შეიძინა. 

მიმდინარე წლის მაისში შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განმახორციელებელი ოთხი ქვეყნის ერთობლივი საწარმოს შექმნაზე მემორანდუმი გაფორმდა. მაისშივე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის  ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის  პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად  35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობამ საქართველოში მაშინ განმარტა, რომ ESPIRE პროგრამა ჯამში სამი ფაზისგან შედგება 500 მლნ. აშშ დოლარის პოტენციური დაფინანსების პაკეტით, რომლის დანიშნულებაა  შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარებისთვის საქართველოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება,  ადგილობრივი ელექტროგადამცემი სისტემის გაძლიერება და პირდაპირი ელექტროკავშირის დამყარება სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას შორის. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებული პარალელური ციფრული კავშირი შეამცირებს ინტერნეტის ხარჯებს, გააუმჯობესებს გამტარუნარიანობას და ზოგადად გააძლიერებს საერთაშორისო ციფრული კავშირების დამყარების შესაძლებლობას შავი ზღვის გასწვრივ.

ESPIRE პროგრამა შექმნილია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადების მომდევნო ეტაპების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის გასწვრივ ელექტროენერგიისა და ოპტიკურ-ბოჭკოვანი პარალელური წყალქვეშა კაბელის კავშირების განვითარებას, დანიშნულების პუნქტებით საქართველოსა და რუმინეთში.

თუკი საქართველო და სხვა მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ  შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ESPIRE პროგრამის პირველი ფაზის პარალელურად დაიწყება პროგრამის მე-2 ფაზის დაფინანსება, რომელიც ეხება მიწისზედა გადამცემი ქსელის გაძლიერებას საქართველოში და პოტენციურად სხვა ქვეყნებში,  რაც გადამწყვეტი იქნება ელექტროენერგიის გაცვლისთვის წყალქვეშა კაბელის სისტემის მეშვეობით. პროგრამის მე-3 ფაზა კი თავად წყალქვეშა კაბელის მშენებლობას დააფინანსებს, სხვა დამფინანსებლებთან ერთად. ხოლო Შავი ზღვის ფსკერის იმავე დერეფანში გათვალისწინებული პარალელური ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან კერძო ინვესტიციებსაც მოიზიდავს.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი არის საქართველოს მიერ ინიცირებული  ფლაგმანი პროექტი, რომელიც სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან პირდაპირ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის შემდგომი განვითარების კუთხით ფუნდამენტურია დაფინანსების პირველი ფაზა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკმა  დამტკიცდა,“ - განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„პროექტის განხორციელება ქვეყანაში მასშტაბური ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ზრდას გულისხმობს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტით საქართველო ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ქვეყანა გახდება, ეს კი ხელს შეუწყობს ევროკავშირის, საქართველოსა და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიების სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს ამ რეგიონებს შორის." - განმარტავს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში.