„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ. პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. ამ პროექტის განვითარებით საქართველო, როგორც კანდიდატი ქვეყანა, გააძლიერებს თავის პოზიციას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორი ქვეყანა. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა საქართველოს დამატებით „ახალი ევროპული დანიშნულება“ მისცა. პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ტრანსატლანტიკური ენერგეტიკისა და კლიმატის თანამშრომლობის (P-TECC) ფარგლებში გამართულ რიგით მე-5 მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება რუმინეთის დედაქალაქ ბუქრესტში ჩატარდა და მასში საქართველოს დელეგაცია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივნის და რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრის ერთობლივი მოწვევით მონაწილეობდა. დელეგაციაში ასევე წარმოადგენდა სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი.
თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მინისტერიალის ორგანიზატორებს, განსაკუთრებით, აშშ - ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მდივანს ჯენიფერ გრანჰოლმს ფორუმზე მოწვევისთვის. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას ენერგორესურსების და მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციის, ელექტროენერგიის და გაზის გადაცემის ქსელების გაძლიერების, აგრეთვე რეგიონული ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოების კუთხით. მან ასევე ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორში, განსაკუთრებით „მწვანე ენერგეტიკაში“ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს.
გენადი არველაძის ინფორმაციით, საქართველოს ადგილობრივი წარმოების 80%-მდე მოდის განახლებადი ენერგიებზე, უმეტესად ჰიდროენერგიაზე, რომელიც ქვეყანაში ელექტროენერგიის გამომუშავების მთავარი წყაროა. მისი თქმით, ქვეყანაში მწვანე ენერგიის განვითარების მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ კონკურენციასა და საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სქემა აამოქმედა, შედეგად, ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გაიზარდა.
მინისტრის მოადგილემ ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურასა და მისი განვითარების ათწლიანი გეგმაზე, აგრეთვე სხვადასხვა ტექნოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც საქართველოში ინერგება და ზრდის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხს. გენადი არველაძემ აქცენტი გააკეთა ელექტროენერგიის ქსელში შემნაცველი ბატარეების სისტემის დანერგვაზე, აგრეთვე მწვანე წყალბადის ტექნოლოგიის ამოქმედებაზე.
მინისტრის მოადგილის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო რეგიონულ თანამშრომლობას ელექტროენერგეტიკის სფეროში, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს მდგრადობისკენ. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი აქტიურ ფაზაშია და იგი შეუცვლელია ევროპასთან დაკავშირებულობისა და ელექტროენერგიის ექსპორტის თვალსაზრისით. კაბელი დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს, რაც უზრუნველყოფს საქართველოსა და მთელ რეგიონში წარმოებული მწვანე ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდების შესაძლებლობას,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.
თავის გამოსვლაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთგულებას ევროინტეგრაციის მიმართულებით. „ჩვენი შემდეგი მიზანია, მივაღწიოთ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა წინ წავიწიოთ რეფორმების პროცესში აღებული ვალდებულებების შესაბამისად,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.