ევროკავშირი საზღვრის მართვის ორი ახალი ინიციატივის დასაწყებად ემზადება. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემასა (ETIAS) და შესვლის/გასვლის სისტემებზე (EES).
ორივე სისტემა მიზნად ისახავს გააძლიეროს ევროპული უსაფრთხოება და მათი უსაფრთხოება, ვინც მოგზაურობს. ETIAS არის შესვლის ახალი მოთხოვნა მოგზაურებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა ევროპის 30 ქვეყანაში შესასვლელად ხანმოკლე ყოფნისთვის. მათ შორისაა შენგენის ზონის 27 ქვეყანა, ასევე ბულგარეთი, კვიპროსი და რუმინეთი. ETIAS არ არის ვიზა და მისი შემოღება არ ცვლის მოგზაურთა უვიზო სტატუსს.
ევროპის ქვეყნები, რომლებიც ითხოვენ ETIAS-ს, არის: ავსტრია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ავსტრია, დანია, უნგრეთი, ლუქსემბურგი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია.
საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, ვისაც ETIAS-ის ავტორიზაცია სჭირდება.
რაც შეეხება EES-ს, მასზე რეგისტრაცია განხორციელდება ყოველ ჯერზე, როცა მოგზაურები გარე საზღვრებს გადაკვეთენ.
ETIAS მოგზაურობის ავტორიზაციაზე განაცხადისას, მოგზაურებმა უნდა მიაწოდონ თავიანთი პერსონალური ინფორმაცია, მათ შორის - მისამართი, პასპორტის დეტალები, მიმდინარე პროფესია და ინფორმაცია კონფლიქტის ზონებში წარსულში მოგზაურობის ან ნასამართლეობის შესახებ. ETIAS-ით არ გროვდება ბიომეტრიული მონაცემები, როგორიცაა თითის ანაბეჭდები.
EES, თავის მხრივ, შეაგროვებს მოგზაურთა სახის გამოსახულებას და თითის ანაბეჭდებს. ის ასევე შეაგროვებს სამოგზაურო დოკუმენტის მონაცემებს, ასევე თარიღსა და ადგილს, სადაც მოგზაური შევიდა და გავიდა ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე აღნიშნული სისტემის გამოყენებით.
ცნობილია, რომ ETIAS და EES ერთდროულად არ ამოქმედდება. თავდაპირველად ამოქმედდება EES და რამდენიმე თვის შემდეგ - ETIAS-ი.
ევროკავშირი პროგრამის დაწყების ზუსტ თარიღს წლის ბოლომდე გამოაცხადებს.
წყარო: bpn.ge