თელავის მუნიციპალიტეტში, ნაგავსაყრელით შეწუხებული სოფელ გულგულას მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ნაგავსაყრელი, რომელსაც ტერიტორიის 2 ჰექტარი უკავია, სოფლიდან კილომეტრ ნახევარშია განთავსებული და გარემოსდაცვით მოთხოვნებს არ შეესაბამება. ადგილობრივები გაუსაძლის მდგომარეობაზე ჩივიან და ხელისუფლებას ობიექტის სხვა ტერიტორიაზე გადატანას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
"სუნი მოდის საშინელი, ნაგვიდან სისველეც გამოდის და ჟონავს წყალში. სხვა წყალი არ გვაქვს და ამ წყალს მოვიხმართ. სამი რაიონის ნაგავი მოდის, განა მარტო თელავის," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ აღნიშნული პრობლემა ყველას აწუხებს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და აუცილებელია, რომ დროულად მოგვარდეს.
თელავის მერის თქმით, პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე გავრცელებული სუნის პრობლემა მოგვარდა, მთლიანად საკითხის მოგვარება კი დროს მოითხოვს.
"გუშინ უკვე სუნი აღარ იყო სოფელში. ეს პრობლემა უკვე მოხსნილია. ლოგიკურია რომ 10 დღეში პრობლემა ვერ მოგვარდება და ნაგავსაყრელი ვერ გაკეთდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩვეულებრივ ისევ შევა გულგულას ნაგავსაყრელზე," - განაცხადა "მთავარ არხთან" თელავის მერმა ლევან ანდრიაშვილმა.
წყარო: მთავარი არხი