„2074 წლისთვის შესაძლებელია ყოველ 2-3 სამუშაო ასაკის ადამიანზე ერთი პენსიონერი მოდიოდეს,“ - ასეთი პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობას. ამის შესახებ ხელისუფლებას აღნიშნული აქვს 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმების დოკუმენტში, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ვებ.გვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის თანახმად, გრძელვადიანი ხარჯების ზეწოლისა და დაბერების გამო, მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის შენელება და საპენსიო ხარჯების ზრდა.
როგორც მთავრობა ხსნის, საქართველო დიდი ხანია დგას 2 რისკის წინაშე, ესენია: დემოგრაფიული ცვლილება და კლიმატური ცვლილებები.
„საქართველო ჯერ კიდევ სწრაფი ტემპით განიცდის მოსახლეობის მკვეთრ დაბერებას. ამჟამად, დაახლოებით ყოველ ოთხ შრომისუნარიან ადამიანზე 1 პენსიონერი მოდის, 2074 წლისთვის კი შესაძლოა, 1 პენსიონერი უკვე ორ-სამ სამუშაო ასაკის ადამიანზე მოდიოდეს", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, მოსახლეობის დაბერების გამო, გრძელვადიან პერსპექტივაში საპენსიო ხარჯებიც გაიზრდება.
მთავრობა მოელის, რომ საქართველოს მოსახლეობა მომდევნო წლებში კიდევ უფრო შემცირდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2026 და 2027 წლებში საქართველოს მოსახლეობის ოდენობა 0.1%-0.1%-ით მოიკლებს.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო იუწყება, რომ საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“.
საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ დოკუმენტის პირველი ოთხი თავი ფარავს მაკროფისკალური პარამეტრების და საჯარო ფინანსების მართვის აღწერას, ხოლო მეხუთე თავი მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს.
"აღნიშნული პროგრამის მაკროფისკალური ნაწილის ანალიზი მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო სტრუქტურული რეფორმების ნაწილში „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესაბამისად,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.