„ქართული ოცნება“ აპირებს დასაჯოს 10-დან 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები და „რეაბილიტაციის“ სახელით გამოკეტოს სპეციალურ დაწესებულებაში, რომელსაც ნებართვის გარეშე ვერ დატოვებენ.
ბავშვთა უფლებადამცველები ამ ინიციატივას აპროტესტებენ და მიიჩნევენ რეპრესიულად, რადგან მათი განცხადებით, 14 წლამდე ბავშვი სამართლებრივად ვერ ჩაიდენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რადგან კანონით მათთვის ასეთი პასუხისმგებლობა საერთოდ არ არსებობს. ამ ინიციატივით კი „ოცნების“ პარლამენტი ბავშვების სისხლის სამართლის წესით დასჯის მექანიზმს ქმნის.
ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის ბავშვის უფლებათა კოდექსთან, გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან, სისხლის სამართლის კოდექსთან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან.

თამარ გაბოძე
ამ საკითხზე „ბათუმელები“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, თამარ გაბოძეს ესაუბრა, რომელიც წლებია ბავშვთა უფლებებს იცავს სასამართლოში.
- ქალბატონო თამარ, გვინდა კარგად ავუხსნათ საზოგადოებას, რას უპირებს „ქართული ოცნება“ ბავშვებს ამ ინიციატივით?
დაანონსებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც ბავშვები, რომლებიც არიან 10-დან 14 წლამდე და პროკურატურა მიიჩნევს, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაული, დაიწყება ამ ბავშვების მიმართ გარკვეული პროგრამები, რომლებიც ასევე ითვალისწინებს ბავშვის დახურულ დაწესებულებაში გადაყვანას.
ეს ინიციატივა თავისთავად უკვე არის პრობლემა, რადგან 14 წლამდე ბავშვი ვერ ჩაიდენს დანაშაულს, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი არის 14 წელი.
ბავშვს ამ პასუხისმგებლობას დააკისრებენ „დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით“, მხოლოდ პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით, რომ ბავშვმა, მათი გაგებით, ჩაიდინა დანაშაული.
14 წელს მიღწეული ბავშვების და სრულწლოვანების შემთხვევაში კი, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არ არის საკმარისი – გამამტყუნებელი განაჩენისთვის აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების სტანდარტი, მანამდე ადამიანი მიიჩნევა უდანაშაულოდ.
- ბავშვების შემთხვევაში მხოლოდ პროკურორი იმსჯელებს და ადვოკატი არ ეყოლება ბავშვს?
ამ ინიციატივაში მსგავსი არაფერი წერია. დიახ, პროკურორის შემაჯამებელი გადაწყვეტილებით მიიჩნევა ბავშვი დამნაშავედ. თანაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, რომელიც ძალიან მინიმალური სტანდარტია სისხლის სამართალში და ამ სტანდარტით გადაწყვეტენ, რომ დასაჯონ ბავშვები.
თითქოს არქვამენ ბავშვების რეაბილიტაციის და დახმარების შესახებ კანონს, მაგრამ ბავშვების რეაბილიტაცია და დახმარება სახელმწიფოს ისედაც ევალება. სახელმწიფოს ევალება თითოეული ბავშვის დახმარება, მისი რესოციალიზაცია, მისი საჭიროებების იდენტიფიცირება და ინდივიდუალურად მუშაობა.
შესაბამისად, ამაში ახალი არაფერია, მაგრამ როდესაც
პასუხისმგებლობის ასაკს 10 წლიდან ადგენენ და მით უმეტეს, როდესაც ამ სახლს სარეაბილიტაციო სახლს ეძახი, ეს არის პრობლემა: არ აქვს მნიშვნელობა რა ერქმევა ამ დაწესებულებას, სადაც ბავშვებს იძულებით აცხოვრებენ – გამოიყვანენ ოჯახებიდან, მოაშორებენ მშობლიურ სივრცეს და გადაიყვანენ იძულებით საცხოვრისში. ამას სახლი ვერ ერქმევა.
სახლი არის ის ადგილი, სადაც ბავშვები ცხოვრობენ ოჯახებთან ერთად და არა ის ადგილი, სადაც ბავშვი იძულებით იქნება მოთავსებული. ასეთ შემთხვევაში, ეს ადგილი არის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. მნიშვნელობა არ აქვს რა ფერის კედლები აქვს ამ დაწესებულებას და არის თუ არა იქ სათამაშოები. ეს მაინც იქნება ციხე.
ციხე 10 წლის ბავშვებისთვის არის გაუგონარი და დაუშვებელი რამ.
- თუ არის ცნობილი, რამდენი ხნით გაამწესებენ ამ დაწესებულებაში ბავშვებს?
ექვს თვეზეა საუბარი, თუმცა შემაშფოთებელია ასევე ის, რომ პროკურორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ეს ვადები გაგრძელდეს იმდენი ხნით, სანამ ბავშვი არ გახდება სრულწლოვანი.
შესაძლოა ეს იყოს 10-დან 18 წლამდე და გამოდის, რომ მთელი ბავშვობა შეიძლება ამ გამოკეტილ სივრცეში გაატაროს ბავშვმა, რომელსაც ედავებიან იმას, რომ რაღაც მათთვის მოსაწონი არ გააკეთა.
ამას ვერ დავარქმევთ დანაშაულს, რადგან 14 წელს მიუღწეველი ბავშვი ვერ ჩაიდენს დანაშაულს. მით უმეტეს, როცა ბავშვის უფლებებს ვერავინ დაიცავს. რეალურად, ეს გამოდის სისხლის სამართლის ალტერნატიული მექანიზმი.
- გამოდის, დაცვის უფლებასაც ართმევენ ბავშვს?
ასე გამოდის. შესაძლებელია, რომ ბავშვი გაიყვანონ ოჯახიდან. მაგრამ ოჯახიდან ბავშვის გაყვანა ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება – თუ ამ ოჯახში აქვს ბავშვს საფრთხე. სხვა რამე ღონისძიებით ამ ბავშვს ვერ დაიცავს სახელმწიფო.
როცა ბავშვს არ შეუძლია ნებართვის გარეშე დატოვოს დაწესებულება, ეს უკვე პატიმრობაა.
- არსებობს კი დღეს ისეთი დაწესებულებები, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი, მათი უფლებების სრული დაცვით?
ითქვა, რომ ამ სახლებს ააშენებენ, მაგრამ როგორი ინფრასტრუქტურაც არ უნდა იყოს, რა დიზაინიც არ უნდა ჰქონდეს, რა აღჭურვილობა და გარემოც არ უნდა იყოს, ბავშვის ოჯახიდან გაყვანა და მისი იძულებით ამ დაწესებულებაში ცხოვრება არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა. ამას ვერ ერქმევა სახლი, ეს არის ციხე.
- საბჭოთა კავშირში რომ ჰქონდათ ბავშვების „გამოსასწორებელი“ სახლები, რაღაც ისეთის გაკეთებას გეგმავენ?
დაახლოებით ასეთი შეიძლება იყოს. ეს არის ბავშვების არასათანადო მოპყრობა და წამება.
როცა ბავშვები ერთად არიან რაღაც ტიპის დახურულ დაწესებულებაში, იქ ყოველთვის არსებობს ბავშვების უფლებების დარღვევის რისკი.
ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ინსტიტუციებში, უთითებენ ხოლმე არასათანადო მოპყრობაზე, ხშირად ძალადობაზე, უფლებების დარღვევაზე. ოჯახიდან ბავშვი უნდა გაიყვანონ მხოლოდ ბავშვის უფლებათა კოდექსით და ბავშვთა უფლებათა კონვენციით გათვალისწინებული ნორმების გათვალისწინებით.
- მთელი წელია „ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონების მთელ რიგ წყებას ქმნის, რომელიც ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული. მათი ეს ინიციატივაც ამ საერთო რეპრესიების გაგრძელებაა, როგორ ფიქრობთ?
დიახ, ეს ინიციატივა პირდაპირ ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციას, ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კოდექსს, ჩვენ გვაქვს ეროვნული კანონმდებლობა კონვენციასთან ერთად. კონვენციას ძალიან ჰგავს ბავშვთა უფლებათა კოდექსი, ერთი და იგივე სტანდარტები და ნორმებია ორივეში ასახული და ორივეს თანახმად ბავშვის ოჯახიდან გაყვანის დაშვება შესაძლებელია მაშინ, როცა ბავშვის მიმართ არსებობს ამ ოჯახში საფრთხე.
სხვა შემთხვევაში უკანონოა. ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ეროვნულ კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ბავშვთა უფლებების სახელმძღვანელო პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ასევე ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს და სისხლის სამართლის კოდექსს, რომლის თანახმადაც 14 წლამდე ბავშვებისთვის უბრალოდ არ არსებობს პასუხისმგებლობა. აი, ამ კოდექსის საწინააღმდეგოდ გადაწყვიტეს ალტერნატიული პასუხისმგებლობის დაკისრება ბავშვებისთვის.
ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ დახმარება, როცა უჭირთ გაუმკლავდნენ სხვადასხვა გარემოებას და ამისთვის სახელმწიფოს ნამდვილად ევალება ბავშვების მხარდაჭერა, დაცვა, დახმარება და არა მათი ჩაკეტვა. ბავშვი არ უნდა მოწყდეს საოჯახო გარემოს, სასკოლო გარემოს და არ შეილახოს მისი საუკეთესო ინტერესი.
- ამ „დანაშაულების“ ჩამონათვალი წერია სადმე, რის გამოც უპირებენ ბავშვებს გამოკეტვას?
დანაშაულს განსაზღვრავს სისხლის სამართლის კოდექსი და ამის მიხედვით, პურის მოპარვაც დანაშაულია და შოკოლადისაც. შესაბამისად, იხელმძღვანელებენ ამ კოდექსით და ამ კოდექსში ნებისმიერი მოძრავი ნივთის ფარულად აღება არის სისხლის სამართლის დანაშაული.
- ბავშვებს ვეძახით არასრულწლოვანებს. მაშინ რატომ ვსჯით მათ იმ კანონებით, რომელიც სრულწლოვანებისთვის შეიქმნა?
არასრულწლოვანის მართლმსაჯულების კოდექსში არსებობს გარემოებები, რაც ითვალისწინებს შეღავათებს. მაგალითად, სასჯელის დანიშვნის დროს, არასრულწლოვანებს ენიშნებათ ნაკლები სასჯელი: როდესაც ბავშვი პირველად ცდება სამართალს, მის მიმართ გამოყენებული უნდა იყოს განრიდება და არ უნდა დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
ეს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა კი სრულიად თავდაყირა აყენებს ბავშვის საუკეთესო ინტერესს, ბავშვის მართლა დახმარების და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ვალდებულებებს და უბრალოდ 10, 12, 11 წლის ბავშვებს თავისუფლებას უზღუდავს.
- რის მიხედვით წყვეტს მაგალითად პროკურორი, 6 თვე უნდა დატოვოს დაწესებულებაში ბავშვი თუ 1 წელი? თუკი არ არის კონკრეტული კრიტერიუმები გაწერილი?
ყველა შემთხვევაში არ მოათავსებენ ბავშვს დაწესებულებაში. კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ბავშვს სამოხელეო დანაშაულში ვერ დასდებენ ბრალს, ხომ? რაღაც საყოფაცხოვრებო ნივთების ან საკვები პროდუქტების აღებას ედავებიან უმეტეს შემთხვევაში და ამაზეა აგებული მთელი ეს ინიციატივა.
- მშობელს რა შეუძლია მოიმოქმედოს ამ დროს – მასაც არ აქვს უფლება, შვილი დაიცვას?
ამ კანონის თანახმად, თუ მშობელი შეეწინააღმდეგება ბავშვის მიმართ ამ კანონის გამოყენებას, დაისჯება ადმინისტრაციული წესით და შესაძლოა გამოიყენონ ადმინისტრაციული პატიმრობაც.
- რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ ამის წინააღმდეგ თქვენ, ბავშვთა უფლებადამცველებმა?
ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც ბავშვთა უფლებადამცველები, ნამდვილად შევეწინააღმდეგებით ყველაფერს, რაც ბავშვებს აზიანებს. ყველა პროფესიონალი, რომელიც მუშაობს ბავშვების უფლებებზე, ანუ უბრალოდ ბავშვებთან, ყველამ უნდა შეაფასოს ეს ინიციატივა, მათ შორის ფსიქოლოგებმაც და სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმაც უნდა გააკეთონ შეფასება, რა უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოიწვიოს ამ კანონმა ბავშვების მიმართ.
ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვები შეიძლება მართლა აღმოჩნდნენ ცუდ სიტუაციაში და დასჭირდეთ დახმარება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი უნდა დაისაჯონ, მოხდეს მათი სტიგმატიზება და მოვიხსენიოთ დამნაშავეებად.
თითოეულ შემთხვევაში უნდა გამოიკვლიოს სახელმწიფომ, რატომ ხდება ეს, სად სჭირდება ბავშვს დახმარება, რა არის ის გარემოებები, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ბავშვზე და ებრძოლონ ამ გარემოებებს, ბავშვები კი არ უნდა განარიდონ.