საქართველოს მოსახლეობა მომდევნო წლებში კიდევ შემცირდება -  ასეთი პესიმისტური და ნაკლებდამაიმედებელი პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობას. ამის შესახებ წერია მთავრობის 2025-2027 წლების ეკონომიკური რეფორმების დოკუმენტში.

როგორც დოკუმენტშია ვკითხულობთ, 2026 და 2027 წლებში საქართველოს მოსახლეობა 0.1%-0.1%-ით შემცირდება.

ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული დოკუმენტის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა იქნება 3 693 600 კაცი, 2026 წელს - 3 691 700 კაცი, ხოლო 2027 წელს უკვე 3 688 900 კაცამდე შემცირდება რიცხოვნობა. რაც შეეხება გასულ 2024 წელს, დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წინა წელს 3 694 600 კაცი იყო.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო იუწყება, რომ საქართველომ დაგეგმილ ვადაში, უკვე მეორედ ევროკომისიას წარუდგინა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“. 

საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მომზადების პროცესს პირველად 2023 წლის ბოლოს შეუერთდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ეკონომიკური რეფორმების პროგრამა - 2025-2027“ დოკუმენტის პირველი ოთხი თავი ფარავს მაკროფისკალური პარამეტრების და საჯარო ფინანსების მართვის აღწერას, ხოლო მეხუთე თავი მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს.

"აღნიშნული პროგრამის მაკროფისკალური ნაწილის ანალიზი მომზადდა 2025 წლის ბიუჯეტისა და 2025-2028 წლების ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო სტრუქტურული რეფორმების ნაწილში „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის“ დოკუმენტისა და მისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმების შესაბამისად,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.