ინვესტორთა კონსორციუმმა, რომელშიც აშშ-ის მთავრობის საკრედიტო ინსტიტუტიც შედის, ორშაბათს განაცხადა, რომ რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის საერთაშორისო ენერგეტიკული აქტივების  შეძენას დათანხმდა.

კონსორციუმში, რომელსაც სათავეში აშშ-ში დაფუძნებული აქტივების მართვის კომპანია Eldridge–ი უდგას, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (U.S. International Development Finance Corp.; DFC – მთავრობის საკრედიტო ინსტიტუტი), არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული კომპანია Catena Investment Holding-ი და ნიუ-იორკში განთავსებული საინვესტიციო ბანკი Xtellus Capital Partners-ი ერთიანდებიან.

წლის დასაწყისში რუსულმა კომპანიამ განაცხადა, რომ თავისი საერთაშორისო აქტივების ამერიკული კერძო საინვესტიციო ფირმისთვის მიყიდვას გეგმავდა. იმ დროისთვის Lukoil-ი ცდილობდა, რომ, აშშ-ის მოსალოდნელი სანქციების ფონზე, თავისი გლობალური პორტფელი გაესხვისებინა.

შეთანხმების პირობების  მიხედვით, კონსორციუმი კომპანია Lukoil International-ს შეიძენს, რომელიც რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ ენერგეტიკულ აქტივებს ფლობს, მათ შორის ნავთობისა და გაზის საბადოებს, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, მილსადენებსა და სხვა ინფრასტრუქტურას 11 ქვეყანაში. კონსორციუმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად აღნიშნული აქტივებიდან დღეში დაახლოებით 350,000 ბარელი ნავთობი მოიპოვება.

შემოთავაზებული გარიგების პირობების მიხედვით, კონსორციუმი Lukoil-ისა და სხვა რუსული კომპანიების შეზღუდულ, სანქცირებულ აქციებს Lukoil International-ის ყველა ლიკვიდურ აქტივზე გაცვლის. ეს აშშ-ის ხელმძღვანელობით შექმნილ კონსორციუმს საშუალებას მისცემს, რუსეთისთვის აქტივების სანაცვლოდ პირდაპირი ფულადი გადახდა თავიდან აირიდოს.

აშშ-ის დემოკრატმა კონგრესმენმა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა გრეგორი მისკმა შემოთავაზებული გარიგება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია კონგრესის მიერ DFC-ის რუსეთში ინვესტირების აკრძალვას გვერდს უვლის.

forbes.ge