რა გავლენას მოახდენს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება ეკონომიკასა და ბიზნეს გარემოზე. საკითხზე ,,კომერსანტი’’ ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა. კახა დაუშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება მოკლევადიან პერიოდში ყველაზე მეტად ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოსვლას დაარტყამს. მისი თქმით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესების შემთხვევაში ქვეყანას აღარ ეყოლება ვალიდური პირი, რომელიც ინვესტორებს გარანტიებს მისცემს.

,,აქ უფრო მაღალ რისკს ვხედავთ სამომავლო ინვესტიციებზე. მათ შორის მიმდინარე ინვესტიციებზე, სადაც ინვესტიცია წარმოადგენს ერთგვარ ვალს სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც სჭირდება მთავრობის უმაღლესი რგოლის მხრიდან მოწონება, ან მისალმება ან მხარდაჭერა. მანდ არის შექმნილი სპეციფიკური მექანიზმები. მათ შორის საჯარო-კერძო თანამშრომლობის მექანიზმები, რომლითაც უნდა მოხდეს ინვესტიციების შემოტანა. იმ შემთხვევაში, თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი სანქციები რეალური გახდა, უბრალოდ ვალიდური პირი, (რომელმაც შეიძლება გარანტიები გასცეს სახელმწიფოს სახელით) არ იქნება. რაც მოკლევადიან პერიოდშივე დაფიქსირდება. მაგალითად, 2025 წლის პირველი ორი კვარტალის მონაცემებმა შეიძლება გვიჩვენოს, რომ ინვესტიციების, განსაკუთრებით ახალი ინვესტიციების დონე არის შემცირებული. ახალი ინვესტიციები შეიძლება აღარ იყოს. თუ არის უკვე დაგეგმილი, ის ჩვეულებრივ წამოვა და არავინ გააჩერებს, მაგრამ თუ კი ეს არის მოლაპარაკება ახალ სექტორებზე, მაშინ ავტომატურად გაჩერდება. ეს უკვე 2025 წლის მეოთხე კვარტალის მონაცემებში და მთლიანად მონაცემებში მნიშვნელოვან პრობლემებს დაგვანახებს. მოკლევადიან პერიოდში ეს ყველაზე მნიშვნელოვნად ურტყამს სამომავლო ინვესტიციებს.’’- აცხადებს კახა დაუშვილი.

რაც შეეხება ბიზნეს გარემოს, ,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორი მიიჩნევს, რომ მოქმედ და არსებულ ბიზნესს მოკლევადიან პერიოდში პრობლემები არ შეექმნება, თუმცა ისინი შეამცირებენ აქტივობებსა და რეინვესტირებას. ბიზნესისთვის გამოწვევა იქნება მოხმარების კლება, რადგან ადამიანები რთულ სიტუაციებში დანაზოგების გაკეთებას იწყებენ.

,,არსებული ბიზნესი, რომელიც უკვე საოპერაციო რეჟიმშია გადასული (მას შეიძლება აქვს უკვე ურთიერთობები სათანადოდ ნორმალიზებული მომწოდებლებთან, პარტნიორებთან, მათ შორის, საექსპორტო ბაზრებზე) მათ მიმართ მოკლევადიან პერიოდში საფრთხეს ჩვენ ვერ ვხედავთ. მიმდინარე ბიზნესებს შეიძლება ჰქონდეს რეინვესტირების ნაწილში გარკვეული გამოწვევები, თუმცა ამას ჩემი აზრით მარტივად მოაგვარებენ. მეორე საკითხი არის საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებული და ადგილობრივ მდგრადობასთან დაკავშირებული. ადამიანები ადგილზე აუცილებლად ზრდიან დაზოგვის ნორმას და მასთან ერთად მცირდება უკვე მოხმარება. მოხმარების შემცირება არის უკვე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ფაქტორი ეკონომიკური ზრდისთვის. ადგილობრივი ბიზნესი უბრალოდ შეამცირებს აქტივობებს და რეინვესტირებას, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ეფექტის მომცემი არ არის.’’- აცხადებს კახა დაუშვილი.

,,საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის’’ აღმასრულებელ დირექტორს უჭირს გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთება, თუმცა აღნიშნავს, რომ შექმნილი ვითარება ქვეყანას კარგს არაფერს უქადის.