„ფრანს პრესის“ ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი ტელეარხის, „ტელე1“-ის მუშაობა შეწყვიტა. ეს მედიასაშუალება ცნობილია, როგორც ოპოზიციური საინფორმაციო პლატფორმა. არხის მთავარ რედაქტორს, მერდან იანარდაღს, ჯაშუშობაში დასდეს ბრალი და დააკავეს, ხოლო თავად არხი „დროებით მმართველობაში“ გადავიდა. არხის მთავარ რედაქტორს, იანარდაღს ისრაელის მოძრაობა „ფეტოს“ და ქურთ მუშათა პარტიის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში დასდეს ბრალი.
ამავე საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ, რომელიც თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ მიიჩნეოდა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. იმამოღლუ მარტიდან იმყოფება პატიმრობაში კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების გამო.
ისრაელის გამოცემა Aurora წერს, რომ პროკურატურის განცხადებით, იანარდაღი, რომელიც იმამოღლუს საარჩევნო კამპანიის დროს მუშაობდა, ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის აგროვებდა ინფორმაციას ამომრჩეველთა შესახებ და ამ მიზნისთვის იყენებდა ტელეარხს „ტელე1“-ს. გარდა ამისა, პროკურატურის მტკიცებით, მოქალაქეთა პირადი მონაცემები იკრიბებოდა სტამბოლის მერიის აპლიკაციის İstanbul Senin („სტამბოლი შენია“) მეშვეობით. მოსამართლის თქმით, შეგროვებული მონაცემები იყიდებოდა ინტერნეტში და ასევე გადაეცემოდა მოძრაობა „ფეტოს“ და ქურთ მუშათა პარტიას.
იანარდაღის ადვოკატებმა მისი კომენტარი გაავრცელეს. ჟურნალისტმა მიმდინარე მოვლენები „ქვეყნის ტოტალიტარიზმისკენ სვლად“ და „მედიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დარტყმად“ შეაფასა.
იანარდაღის დაკავების და „ტელე1“-ის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, სტამბოლის პროკურატურამ ტელეარხს დაუნიშნა „დროებითი მმართველი“. ტელეარხის მაუწყებლობა მთლიანად არ შეჩერებულა, თუმცა 25 ოქტომბერს ეთერში აღარ გავიდა საინფორმაციო გადაცემები. მათ ნაცვლად გადაიცემოდა სიუჟეტი გამოფენაზე, სადაც საუბარი იყო „თურქეთის მიღწევებზე ეროვნული და ადგილობრივი თავდაცვის ინდუსტრიაში“. გარდა ამისა, ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმები და ჯანმრთელობის თემატიკის პროგრამები. ამასთანავე, „ტელე1“-ის YouTube-ის გვერდზე შეიზღუდა წვდომა ყველა ვიდეოზე, შემდეგ კი გვერდი მთლიანად მიუწვდომელი გახდა.