ტაილანდისა და კამბოჯის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. შეთანხმებას ხელი მოეწერა კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის სამიტზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტიც ესწრებოდა.

ქვეყნებს შორის საუკუნოვანი სადავო საზღვრის გამო დაძაბულობა მაისში გამწვავდა, როდესაც შეტაკების დროს კამბოჯელი ჯარისკაცი დაიღუპა. დაპირისპირება სრულმასშტაბიან კონფლიქტში ივლისის თვეში გადაიზარდა, მას შემდეგ, რაც ხუთი ტაილანდელი ჯარისკაცი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა.

ტაილანდისა და კამბოჯის ოფიციალური პირების ცნობით, შეტაკებებისას, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ივლისის თვეში ტრამპმა დაურეკა ორივე ქვეყნის ლიდერს და მოსთხოვა, შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ვაშინგტონთან შესაბამისი სავაჭრო მოლაპარაკებები შეჩერდებოდა.