ამის შესახებ „საქართველოს კლინიკების“ დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შეფასებისას განაცხადა.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის შედეგად, ქვეყანაში, სტაციონარების დატვირთვა შემცირდება. იმის შესახებ, რომ ჰოსპიტლების დატვირთვა და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუ მოქალაქეების ჯიბიდან ამ დაწესებულებებისთვის გადახდილი თანხები ძალიან მაღალია, დარგის სპეციალისტები წლებია, საუბრობენ. მათი თქმით, ათწლეულებია, საქართველოში ჰოსპიტლები ძალიან დიდ ფინანსებს იღებენ იმის გამო, რომ პირველადი ჯანდაცვა არ არის სათანადოდ განვითარებული, შედეგად ვერ ხდება დაავადებების გართულება და პაციენტები, რომელთა გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო ნაკლები დანახარჯით, ჰოსპიტლებში ხვდებიან. იქ კი უკვე მაღალანაზღაურებად მკურნალობასა და მოვლას საჭიროებენ.
2025 წელს დაწყებულმა რეფორმამ კი, რომელიც უკვე ახალ ეტაპზე გადავიდა, ეს რეალობა უნდა შეამციროს. ამის შესახებ თავად კლინიკების წარმომადგენლებიც საუბრობენ. მათ შორისაა დავით რეხვიაშვილიც.
„ეს რეფორმა მნიშვნელოვნად ემსახურება დაავადებათა ისეთი წილის კონტროლს, რომელიც პაციენტებში მაღალპროცენტულად იწვევს ლეტალურ გამოსავალს. ეს არის კარდიოვასკულური დაავადებების რისკის შემცირება, ასევე იმ ინფექციური დაავადებების შემცირება, რომლებიც ბავშვებში იწვევს ძალიან რთულ და მძიმე გართულებებს. ჩვენ შევძლებთ პრევენციულად მოვახდინოთ დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, დროული პრევენციული მკურნალობა და ამის შედეგად შემცირდება როგორც დატვირთვა სტაციონარულ სექტორზე, ისე გართულებები,“ - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მისივე თქმით, რეფორმა, გარდა იმისა, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, ექიმების ანაზღაურებაზეც დადებითაც აისახება, რადგან პოლიკლინიკების დაფინანსების ზრდას გულისხმობს.
„განვსაზღვრეთ ხელფასების მატება კადრებისთვის - ოჯახის ექიმებისტვის, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახუირების ხარისხს,“ - აცხადებს დავით რეხვიაშვილი.ცნობისთვის: პირველადი ჯანდაცვის ობიექტები განახლებულ მოდელში 2027 წლის 1 მარტიდან ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე კი საპილოტე პროექტი მიმდინარეობს, რომელშიც 43 დაწესებულებაა ჩართული, რაც პოლიკლინკების 28%-ია. რეფორმის ფარგლებში შეიცვალა საბაზისო პაკეტი, გაიზარდა მისი მოცულობაც და ღირებულებაც, რასაც სახელმწიფო ამ დაწესებულებებს უხდის. რეფორმის მიზანია, ანაზღაურების ფიქსირებული, უნიფიცირებული მოდელი ჩანაცვლდეს ასაკ-სპეციფიკური ფიქსირებული ტარიფებით, ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად. შედეგზე დაფუძნებული ანაზღაურება გულისხმობს განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების შემთხვევაში, დამატებითი ანაზღაურების მექანიზმს.