სომხეთმა გიუმრი-ყარსის სარკინიგზო ხაზის დაპროექტებაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.
საქმე ეხება 30 წელზე მეტია დახურული თურქეთის მიმართულებით არსებული სარკინიგზო ხაზის სომხეთის მონაკვეთზე, გიუმრი-ახურიკის 21-კილომეტრიანი ნაწილის აღდგენას. სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ხუდატიანის განცხადებით, კონტრაქტორის შერჩევისა და დაპროექტების დასრულების შემდეგ უკვე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.
წინასწარი შეფასებით, სომხეთის მონაკვეთის აღდგენა დაახლოებით 15 მილიონი დოლარი დაჯდება. ვინ დააფინანსებს სამუშაოებს -სომხეთის მთავრობა თუ რკინიგზის მმართველი რუსული კომპანია „ЮКЖД“ ჯერჯერობით უცნობია. მანამდე ნიკოლ ფაშინიანი აცხადებდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ერევანი მზად იყო, აღდგენის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა.
თურქეთის მხარეს კი აკიაქა-გიუმრის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სასაზღვრო ქალაქ აკიაქას მერმა ივლისში განაცხადა, რომ სამუშაოების დასრულება ორ-სამ თვეში იგეგმება.
ცალკე საკითხია სარკინიგზო ლიანდაგის განსხვავებული სიგანე: სომხეთში 1520 მილიმეტრიანი, თურქეთში კი 1435-მილიმეტრიანი სტანდარტი გამოიყენება. ხელისუფლება განიხილავს ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორ სისტემას შორის სარკინიგზო გადაზიდვების განხორციელების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი მექანიზმი უკვე გამოიყენება საქართველოს ახალქალაქის სადგურში.
ხუდატიანის განცხადებით, სომხეთი და თურქეთი ასევე მიუახლოვდნენ ანის ისტორიული ხიდის აღდგენის დაწყებას. მისი თქმით, შეთანხმებები თითქმის დასრულებულია და სამშენებლო სამუშაოების დაწყება უმოკლეს ვადებში იგეგმება.