მესტიის მუნიციპალიტეტში საბალანსო მრიცხველების მონტაჟი დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს და სამუშაოები გვიან შემოდგომამდე დასრულდება, ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს BMG-ის კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ნარმანიას თქმით, მრიცხველების დამონტაჟების შედეგად შესაძლებელი გახდება ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ უფრო დეტალური მონაცემების მიღება და შესაბამისი ანალიზის მომზადება.
„მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საბალანსო მრიცხველების მონტაჟი იმ გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, რაც შემუშავდა. დარწმუნებული ვარ, რომ გვიან შემოდგომამდე, როგორც გეგმა-გრაფიკით არის გათვალისწინებული, საბალანსო მრიცხველების მონტაჟი დასრულდება“, - განაცხადა ნარმანიამ.
მისივე განმარტებით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება ამ ეტაპზე შემდეგი ეტაპის ამოცანაა და მასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
მესტიაში გამრიცხველიანების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 1 ივნისს მთავრობამ მაღალმთიან რეგიონში კრიპტომაინინგთან ბრძოლის ღონისძიებებზე განაცხადა. მაშინ ხელისუფლებაში საუბრობდნენ მოსახლეობის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზე, რომლის პირობებშიც ადგილობრივებისთვის ელექტროენერგიის გარკვეული მოცულობა კვლავ უფასო დარჩებოდა, დადგენილი ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში კი მომხმარებლებს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოუწევდათ.
წყარო: Bm.ge