East Fruit-ის ანალიტიკოსების აზრით, ქართული ვაშლის ბაზრის მონაწილეები გაოგნებულები არიან იმით, რომ ვაშლის ფასები სტაბილური რჩება, მაშინ როდესაც სეზონი უკვე მოახლოვდა.
ვაშლის ღირებულება 2019 წლის მაჩვენებელს უტოლდება, მაშინ ფასები წარმოუდგენლად დაბალი იყო ევროპის ყველა ქვეყანაში.
„თუ საქართველოში ვაშლის საბითუმო ფასს შევადარებთ უკრაინის, მოლდოვასა და პოლონეთის ფასებს, აშკარა ხდება, რომ საქართველოს შეუძლია წარმატებით შემოიტანოს ვაშლი ამ ქვეყნებიდან, რასაც, სხვათა შორის, ამჟამად აკეთებს კიდეც. ბოლოს და ბოლოს, საქართველოში ვაშლის საბითუმო ფასები ახლა ორჯერ მაღალია, ვიდრე მოლდოვაში, უკრაინასა და პოლონეთში“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს გარკვეული სირთულეები აქვთ ვაშლის რეალიზაციასთან დაკავშირებით. იმპორტიორები მაღალხარისხიანი ვაშლების რეალიზაციის შედარებით დაბალ ტემპზეც საუბრობენ.
ბაზრის რამდენიმე მსხვილი მონაწილე ერთდროულად აცხადებს, რომ წელს მთავარი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ვაშლის ბაზარზე, არის „კეხურას ფაქტორი“.
„კეხურა ვაშლის ძველი ქართული ჯიშია, რომელიც ქვეყანაში ძალიან დიდი ხანია ცნობილია. თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობას აღარ მოსწონს ვაშლის ეს ჯიში, უპირატესობას ანიჭებს, ე.წ. „გოლდენის ვაშლს“.
ამავდროულად, საქართველოში კეხურას ვაშლი დიდი რაოდენობით მოჰყავთ. საქმე ისაა, რომ ამ ჯიშის ვაშლის ხე არის ძალიან უპრეტენზიო, პროდუქტიული, კეხურას ვაშლის ჯიშის ნაყოფს აქვს ლამაზი წითელი ფერი და რაც მთავარია, ეს ვაშლი კარგად ინახება ჩვეულებრივ სარდაფებშიც კი.
კეხურას ჯიშის ვაშლი ძირითადად რუსეთში გადიოდა ექსპორტზე, თუმცა წელს, კეხურას ჯიშზე მოთხოვნა მკვეთრად დაეცა. შედეგად, მოსახლეობა იძულებულია გაყიდოს ხილი შიდა ბაზარზე საკმაოდ დაბალ ფასად. აქედან გამომდინარე, ქართველი მებაღეების ნაწილი ამბობს, რომ უკვე ეჭვი ეპარებათ სეზონის ბოლომდე ვაშლის მარაგის გაყიდვის შესაძლებლობაში“, - ნათქვამია East Fruit-ის სტატიაში.