„2026 წელს საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით პოზიტიური მოლოდინები აქვს. უნდა გავუშვათ ორი პროექტი - მოდერნიზაცია და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი. აღნიშნული პროექტების გახსნა ხელს შეუწყობს სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკის ზრდას, საექსპლუატაციო ხარჯების შემცირებასა და მოძრავი შემადგენლობების ახალ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე გადართვას,“- განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ,,აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას.
ლაშა აბაშიძე ქართველი და უცხოელი სტუმრების წინაშე პრეზენტაციით წარსდგა. საქართველოს რკინიგზის მიმდინარე პროექტები, მოსალოდნელი შედეგები და ,,შუა დერეფანი" - ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება რკინიგზის ხელმძღვანელმა.
ლაშა აბაშიძემ მოდერნიზაციის პროექტის უპირატესობები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ პროექტის სრულად ამოქმედება საქართველოს როგორც სატრანზიტო ქვეყანას ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტში უფრო მიმზიდველს გახდის.
რაც შეეხება, ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, კი საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის განმარტებით, პროექტის სრულად ამოქმედება მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას გულისხმობს, რაც კომპანიისთვის მეტი შემოსავლის გენერირების პირდაპირ პროპორციულია.
,,აბრეშუმის გზის ფორუმს" საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტის სხვა წევრებიც დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს