საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით, 22-23 ოქტომბერს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ მაღალი რანგის პოლიტიკური პირები, ბიზნესსექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯემალ ზაბახიძემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე – „საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ეფექტი შუა დერეფნის კონტექსტში“.
მოხსენებისას ჯემალ ზაბახიძემ ისაუბრა საქართველოს მნიშვნელობაზე შუა დერეფნის განვითარებაში და ქვეყნის როლზე აღმოსავლეთ–დასავლეთის, ჩრდილოეთ–სამხრეთისა და კახეთის მიმართულებით მიმდინარე მაგისტრალური პროექტების კონტექსტში. მან, ასევე, ისაუბრა მაგისტრალების განვითარების ახალ მიმართულებებზე, ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობაზე და აღნიშნა ქვეყნის მზარდი პოტენციალი ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ჰაბად რეგიონში.
დისკუსიის ფარგლებში განხილული იყო ასევე ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემების (ITS) განვითარება, როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებისთვის, რაც საგზაო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანასთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების და ეფექტურობის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
მიმდინარე წელს „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ უმასპინძლებს – 70-ზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტ დელეგატს. ფორუმის მონაწილეთა შორის არიან რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და ვიცე-პრემიერები, ასევე რეგიონს მიღმა ქვეყნების დარგობრივი მინისტრები, წამყვანი გლობალური კომპანიები და საერთაშორისო რანგის ექსპერტები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები – გაერო-ს, „მსოფლიო ბანკის“, „აზიის განვითარების ბანკის“, „შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ (ბისეკი) და სხვა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს