ექსპორტმა იმპორტის ზრდის ტემპს გადაასწრო. კერძოდ, საქსტატის მიხედვით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოდან ექსპორტი 11.2%-ით, ქვეყანაში იმპორტი 9.7%-ით, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი 12.5%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს ექსპორტმა 7.291 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 18.529 მლრდ აშშ დოლარი.

შედარებისთვის, სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 6.558 მლრდ აშშ დოლარი, იმპორტის კი 16.888 მლრდ აშშ დოლარი იყო.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გაზრდილია ადგილობრივი ექსპორტიც. უფრო კონკრეტულად, 2025 წელს ქვეყნიდან 3.367 მლრდ აშშ დოლარის ადგილობრივი პროდუქცია გავიდა, 2024 წელს 2.993 მლრდ აშშ დოლარის.

სტატისტიკოსი და ეკონომისტი სოსო არჩვაძე “ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, რომ ტენდენცია კარგია, ამის წინაპირობა კი რეალურ სექტორში მიღწეული წარმატებაა. ხოლო ამ უკანასკნელის მთავარ არგუმენტად, სოსო არჩვაძეს ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ბოლო 2 თვის მაჩვენებლები მოჰყავს. მისივე თქმით, „საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობის გამოსწორებას ახლა ვცდილობთ“.

“ჯერჯერობით, იმპორტი 2.5-ჯერ უფრო მეტია ექსპორტის მაჩვენებელზე და სამწუხაროდ, ეს ისტორიული მემკვიდრეობა გვაქვს საბჭოთა კავშირის შემდეგ. ახლა ვცდილობთ ამის გამოსწორებას.

წლიურად ექსპორტის ზრდის ტემპი კი ასწრებს იმპორტის ზრდის ტემპს, მაგრამ თუ დეკემბრის მაჩვენებელს შევხედავთ, იქ კიდევ უფრო თვალსაჩინო წარმატებასთან გვაქვს საქმე. დაახლოებით, 2.6-ჯერ უფრო მაღალია ექსპორტის მატების ტემპი, იმპორტის მატების ტემპთან ( 22.5% იყო ექსპორტის ზრდა, 8.8% იმპორტის). ამის საფუძველზე გაიზარდა ექსპორტით იმპორტის გადაფარვის მაჩვენებელი ( დაახლოებით 4-ჯერ).

რაც ყველაზე თვალში საცემია, აგვისტოს შემდეგ, ექსპორტის მატების ტემპი, ყოველთვიურად აღემატება იმპორტის მატების ტემპს. კიდევ უფრო ხაზგასასმელია ის, რომ ბოლო 2 თვეში ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ტემპი აღემატება 50%-ს.

ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არამარტო ვავითარებთ ჩვენს სატრანსპორტო საკომუნიკაციო ეკონომიკური ჰაბის როლს, არამედ რეალურ სექტორში მიღწეული წარმატებებით ვქმნით იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ უფრო აქტიური ექსპანსია განახორციელოს მსოფლიო ბაზრებზე, ადგილობრივ ბაზრებზე წარმოებული პროდუქციით. ეს ეხება როგორც ღრმა სამრეწველო გადამუშავების პროდუქციას, ისე სასოფლო სამეურნეო წარმოების პროდუქციას. მაგალითად, დაახლოებით, 1.7-ჯერ გაიზარდა თხილის ექსპორტი საქართველოდან. სწორედ რეალურ სექტორში მიღწეული წარმატება არის იმის წინაპირობა, რომ ექსპორტის ზრდის კარგი ტენდენცია ყალიბდება.

ამას მოწმობს საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებიც, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის... საქართველოს 2026 წლისთვის აქვს ყველაზე მაღალი საპროგნოზო მაჩვენებელი თავის სახმელეთო მეზობლებთან შედარებით, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთში საერთოდ სტაგნაციაა მოსალოდნელი. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ სასიკეთო პროგნოზით უნდა შევხედოთ ჩვენს მაჩვენებლებს და ექსპორტთან მიმართებით არსებულ ტენდენციებს, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივის დამაჯერებელ წინსვლას მომავლისკენ”, - ამბობს სოსო არჩვაძე.

ცნობისთვის, 2025 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 25.820 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 10.1%-ით მეტია.

ამასთან, 2025 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2.814 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 378.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.2%) ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 282.5 მლნ. აშშ დოლარით (3.9%).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 3.870 მლრდ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9% შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 1.358 მლრდ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3%), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 680.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.7%).

წყარო: ბიზნესპრესნიუსი