IMF-ის მიერ გამოქვეყნებული შემაჯამებელი მიმოხილვით ირკვევა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნულ ბანკს მთავრობასთან დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობის შეზღუდვისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელი დოკუმენტი ფაქტობრივად, იმეორებს ჯერ კიდევ 4 ივნისს გამოქვეყნებულ შემაჯამებელ პრესრელიზში აღნიშნულ რეკომენდაციებს. არ შეცვლილა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, რომელიც საქართველოსთვის 7.2%-ზეა ნავარაუდევი.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით,  საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო რეკომენდაციაში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ეროვნული ბანკის მმართველობითი მოდელის პრობლემა - IMF პირდაპირ მიანიშნებს, რომ სების დამოუკიდებლობა შემცირებულია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ერთპიროვნული მმართველობის ნაცვლად კოლეგიალურ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.

„IMF-ის ბოლო რეკომენდაციაში კვლავ  არის ჩანაწერი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის შესახებ. სები ფაქტობრივად, მთავრობის დანამატად გადაიქცა და საბჭოს არავითარი ფუნქცია არ აქვს, ყველა გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რის უფლებასაც, სამწუხაროდ, კანონი აძლევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვს კანონში ისეთი ცვლილებების შეტანას, რომლითაც საბჭოს როლი გაიზრდება და ეროვნული ბანკი ერთპიროვნული მმართველობიდან კოლეგიალურ მმართველობაზე გადავა.

უფრო მეტიც, აღმასრულებელი ფუნქციის შემსრულებლები, მაგალითად ვიცე-პრეზიდენტებიც  კი ვერ იღებენ სრულყოფილ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამის მაგალითი  ფარცხალაძის ისტორიაა, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავა ისე მიიღო გადაწყვეტილება სანქციებისთვის გვერდის ავლის თაობაზე, რომ არც ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა ეს არ იცოდა, რასაც სამი მათგანის გადადგომა მოჰყვა“,- აღნიშნა რომან გოცირიძემ.

მისივე შეფასებით, IMF მიუთითებს, რომ სების მოგება, რომელიც კომერციული ბანკებისთვის მაღალი მოცულობის რეფინანსირების სესხებიდან და უცხოურ რეზერვებზე მიღებული შემოსავლებიდან წარმოიშობა, არ უნდა იქცეს ბიუჯეტური ხარჯების დაფინანსების წყაროდ, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.

გოცირიძის თქმით, IMF ასევე შიშობს, რომ სების მიერ დაგროვილი მოგება, რომელიც რეზერვებში რჩება, შეიძლება ერთ დღეს მთავრობამ მოითხოვოს ბიუჯეტური ჩავარდნების შესავსებად, რადგან ეროვნული ბანკი არა დამოუკიდებელი, არამედ ცენტრალური მთავრობისგან მართული ორგანოა.

„მეორე რეკომენდაცია შეეხება ბიუჯეტი დეფიციტის დაფინანსებას, ისეთი  ტრანზაქციების დაფინანსებას ეროვნული ბანკის მიერ, რომელიც დააზღვევს მთავრობის ზეწოლას სებზე.

სები დიდძალ მოგებას იღებს და შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მისი კარგი მუშაობის გამო არ ხდება; პირიქით, როცა 4 მილიარდ ლარზე მეტ სესხს აძლევს კომერციულ ბანკებს, ანუ რეფინანსირების სესხებს, ეს ქვეყანას სერიოზულ მაკროეკონომიკურ რისკებს უქმნის. როცა კომერციულ ბანკს სესხს 8%-ად აძლევ, ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი ამით შემოსავალს იღებს, 4 მილიარდის 8% 320 მილიონია. გარდა ამისა ეროვნული ბანკი შემოსავლებს იღებს რეზერვების უცხოეთში, ძირითადად აშშ-ში ფასიანი ქაღალდებით და ამერიკის ცენტრალური ბანკის ანგარიშზე ფულის განთავსებით; აი, ამ მოგებას ეროვნული ბანკი აძლევს ფინანსთა სამინისტროს, სწორედ ეს არის დეფიციტური დაფინანსება, რადგან ამით ფულის მასა იზრდება და საბიუჯეტო არხებით შემდეგ დამატებითი ფული მიედინება ეკონომიკაში, რაც ერთი მხრივ ეკონომიკის სტიმულს იწყებს, მეორე მხრივ - მაკროეკონომიკურ დისბალანსს.

ერთ-ერთი მოწოდება ისაა, რომ ეროვნული ბანკის მოგება, რომელიც მთავრობას არ მისცა და რეზერვებში დარჩა, ისე იყოს უზრუნველყოფილი, რომ ერთ დღეს მთავრობა არ მიადგეს და არ მოსთხოვოს გადაცემა, რადგან ბიუჯეტში თანხების დანაკლისია.

IMF-ის დასკვნაში ვხედავთ, რომ პროგრამის შეჩერების მიზეზი მთავრობის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობა იყო; იქნება ეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის კუთხით თუ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის კუთხით“,- აღნიშნავს რომან გოცირიძე.