ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მე-12 კლასი შენარჩუნდება მხოლოდ კერძო სკოლებში, საჯარო სკოლები კი 11-წლიან სწავლებაზე გადავა. მან ასევე ისაუბრა სპეც-კლასების შექმნაზეც, ვინც მაინც გადაწყვეტს მე-12 კლასის დასრულებას.
რა არჩევანი აქვს სოფლად მცხოვრებ მოსწავლეს? – მიატოვოს სოფელი და ქალაქში ჩამოვიდეს მე-12 კლასის დასასრულებლად? ზრდის თუ არა „ქართული ოცნების“ ე.წ. განათლების რეფორმა სოციალურ უთანასწორობას ქვეყანაში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას ესაუბრა.
ბატონო სიმონ, კერძო სკოლებში სწავლა ფუფუნებაა და ბევრ ადამიანს არ მიუწვდება ხელი. ახლა კი, „ოცნება“ აპირებს საჯარო სკოლები 11-წლიან სწავლებაზე გადაიყვანოს. ეს იმას ნიშნავს, რომ სოფლად მცხოვრები ბავშვები კიდევ უფრო არათანაბარ გარემოში აღმოჩნდებიან, რადგან მუნიციპალიტეტებში არ არის კერძო სკოლები. რას ეუბნება ამით „ოცნება“ სოფელში მცხოვრებ ადამიანს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს არც არჩევანი და არც განათლებაზე ხელმისაწვდომობა?
კობახიძემ გუშინ პარლამენტში რაც ილაპარაკა, ლოგიკურად გაუმართავია, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ უსამართლოა მათი მიზნები.
ადამიანი ამბობს, რომ 11 წელში შესაძლებელია იმ მიზნების მიღწევა, რაც დღეს 12-წლიანი პროგრამით მიიღწევა, ეს თავისთავად არალოგიკურია.
მეორე არალოგიკურობა არის ის, რომ 12-წლიანი განათლება სჭირდებათ მხოლოდ საზღვარგარეთ წასასვლელადო – რაც ასე არ არის.
მისაღებ გამოცდებზე რომ შეეჯიბრებიან ერთმანეთს ეს ბავშვები, როგორ ფიქრობთ, მაშინ რა მოხდება? – დიდი უპირატესობა ექნებათ კერძო სკოლის მოსწავლეებს საქართველოში ჩაბარების დროსაც – ეს კიდევ უფრო ზრდის იმ უთანასწორობას, რაც ისედაც არსებობს. ამიტომ ეს საკითხი მხოლოდ უცხოეთში სწავლის ჭრილში არ უნდა დავინახოთ.
თვითონ ამბობს, რომ მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გავიდეს დასაქმების ბაზარზე და რაც შეიძლება სწრაფად. ანუ კობახიძე ლაპარაკობს დამსაქმებლების ინტერესების შესაბამისად. გაურკვეველია, ამ დამსაქმებლების ინტერესი რატომ არის, რომ ნაკლებად განათლებული ხალხი შევიდეს ამ ბაზარზე.
ასეთებიც არიან, რომ სკოლადამთავრებულები პირდაპირ შედიან სამუშაო ბაზარზე [დაახლოებით 10 000-ზე მეტი ადამიანი არ ამთავრებს სკოლას ყოველწლიურად], პირდაპირ იწყებენ მუშაობას. რაც უფრო ნაკლები განათლება ექნება ამ ხალხს, მით უფრო ნაკლებია შანსი, რომ მათ იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური.
მე-11-კლასდამთავრებულებს ექნებათ ნაკლები უპირატესობა 12-კლასდამთავრებულებთან, რადგან 12-კლასდამთავრებულებს ექნებათ ერთი წლით მეტი განათლება და კონკურენციას ვერ გაუწევენ მათ დასაქმების თვალსაზრისითაც.
როდესაც 11 კლასს ამთავრებ, არა მხოლოდ უცხოეთში წასვლის პრობლემაა, არამედ შენ კონკურენციას ვეღარ უწევ სხვას, ვისაც მეტი განათლება აქვს. ახლა ვინც ამთავრებს მე-12 კლასს და 4-წლიან ბაკალავრიატზე სწავლობს, მათ ექნებათ 16 წელი ნასწავლი, შემდეგ თაობას კი ექნება 14 წელი (11+3). ეს ძალიან დიდი განსხვავებაა.
ის, რომ მხოლოდ კერძო სკოლებს დაუტოვეს უფლება ჰქონდეთ მე-12 კლასი, სულაც არ ნიშნავს, რომ კერძო სკოლები ამ უფლებას გამოიყენებენ. ვალდებულებაც არ ექნებათ.
რატომ არ გამოიყენებენ? მათთვის ხომ ეს იქნება დამატებითი შემოსავალი, ალბათ გაზრდიან ფასებსაც.
კერძო სკოლების მოსწავლეებთაგან ყველა არ აპირებს წავიდეს უცხოეთში. შესაბამისად, როდესაც არჩევანზე მიდგება საქმე, ზოგიერთი მშობელი გადაწყვეტს, რომ 11 კლასი დაამთავრებინოს ბავშვს.
ასევე, როცა კობახიძე ამბობს, რომ 11 კლასში ჩაატევს ეროვნულ მიზნებს, მე-12 კლასში მაშინ რა უნდა ასწავლონ, რას შესთავაზებს კერძო სკოლა ამ ბავშვებს? ამიტომ, ძალიან დიდ ქაოსს გამოიწვევს ეს და მეორე მხრივ, უთანასწორობას კიდევ უფრო ზრდის, რაც არის ამ სისტემაში და ეს არის გასათვალისწინებელი.
ვთქვათ, შეინარჩუნეს კერძო სკოლებმა მე-12 კლასი, რამდენად გასწვდებიან ისინი მოთხოვნებს და ხომ არ გაზრდის ეს კორუფციას ამ სფეროში?
კერძო სკოლებისთვის პრობლემაა ის, რომ არაპროგნოზირებადი გარემო შექმნეს. ახლა უნდა დაიწყონ იმის გარკვევა, რამდენს ენდომება მე-12 კლასის გავლა, მე-11-ში რამდენი ისწავლის, შემდეგ ცალკე პროგრამები უნდა შექმნან მათთვის და ასე შემდეგ.
შესაძლოა ზოგიერთ მასწავლებელს დააკლდეს საათები და შესაბამისად ხელფასიც. ცალკე საკითხია, მე-12 კლასი თუ არ იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილი, მაშინ ამ კლასის სახელმძღვანელოები რატომ უნდა შეიმუშაოს საერთოდ ვინმემ? გამოდის, სახელმწიფო არ დაბეჭდავს მე-12 კლასის სახელმძღვანელოს? ამიტომ გაუგებარია რაზეა ლაპარაკი. ყველა ნორმალური სპეციალისტი ამ კითხვას დასვამს.
არც კი მოგვისმენია, როგორ უნდა გადავიდეთ ამ ახალ სისტემაზე. ერთდროულად რამდენი ადამიანი დაამთავრებს სკოლას? თუ მე-11 და მე-12 ერთად დაასრულებს, მივიღებთ 80 000 კურსდამთავრებულს?
ეს კომპონენტი არ გაუშლია კობახიძეს არც პარლამენტში გამოსვლისას და არც მანამდე. თუმცა ამბობს, რომ ეს პროცესი მალე დაიწყება.
ეს გაზრდის უთანასწორობას, რადგან თუ ადგილების რაოდენობას ამცირებენ უნივერსიტეტებში და ზრდიან კონკურენციას, კურსდამთავრებულების რაოდენობა კი უცებ ორმაგდება [მე-11 და მე-12 კლასი ერთად ამთავრებს სკოლას], მაშინ კიდევ უფრო დიდი პრობლემა გაჩნდება.
ეს ხალხი ჯარშიც რომ წაიყვანონ, არც ის ვიცით, მზად არის თუ არა ამისთვის ჯარი. ნაწილი უნდა წავიდეს სამუშაო ბაზარზე, ნაწილი თუ გადაავადებს ჩაბარებას, მომდევნო წელს ხომ ახალი აბიტურიენტები დაემატება. ამიტომ, აბსურდია ეს ყველაფერი. ერთადერთი მიზანი რჩება – რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა ისწავლოს, რომ სრულფასოვანი ადამიანი არ იყოს სკოლაში, რომ დამსაქმებლებს მიაწოდონ რაც შეიძლება ბევრი იაფი მუშახელი, ვისაც არ ექნება შესაძლებლობა, რომ უარი უთხრას სამსახურზე, იმიტომ რომ სხვა გზა არ ექნება.
სოფელს მინდა დავუბრუნდეთ. აქამდეც უთანასწორო გარემოში უწევდათ სწავლა სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს, პრობლემა იყო რესურსებზე წვდომა. ეს ახალი მოდელი გამოიწვევს იმას, რომ შესაძლოა მიგრაცია გაიზარდოს სოფლიდან ქალაქში, თუკი მშობელი გადაწყვეტს, რომ მისმა შვილმა უნდა მიიღოს 12-წლიანი განათლება. ვინც ამას ვერ შეძლებს, მას რას ეუბნება სახელმწიფო, რომ თანაბარ გარემოს ვერ შეუქმნის?
არსებობს ძალიან კარგი კვლევა, რომელიც ჩაატარა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა მაია ჩანქსელიანმა. ამ კვლევაში ჩანს, რომ როდესაც ახალგაზრდებს უთანასწორობის განცდა უჩნდებათ, რომ მაგალითად, ვერ აჯობებენ სხვებს, მაშინ ისინი ნაკლებად ირჩევენ პრესტიჟულ სასწავლებლებს – აღარ სჯერათ, რომ მათ შეუძლიათ აჯობონ სხვებს.
ეს სისტემა, რომელიც ზრდის უთანასწორობას, კიდევ უფრო გაუმყარებს ამ რწმენას სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს. კიდევ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ეცდება, რომ აჯობოს მათ, ვინც უკეთეს პირობებში იზრდება.
ეს ნიშნავს, რომ თუ შენ დაიბადე სოფელში, მაშინ შენ განათლება ვერ დაგეხმარება, რომ გამოხვიდე ამ სიღარიბიდან და გადახვიდე სხვა სოციალურ ფენაში, რომელსაც მეტი შესაძლებლობები აქვს.
ვრცლად: batumelebi.netgazeti.ge