სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტი და გამოცდილი გიდი ნუცა ცქიმანაური, საქართველოს ტურისტულ ზონებში არსებულ ინფრასტრუქტურას, უკვე ბევრი წელია, მწვავედ აკრიტიკებს.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკით, მზარდია როგორც საერთაშორისო ტურისტების, ისე მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, გიდის აზრით, ტურიზმის სექტორში რეალობა სავალალოა და ქვეყანაში - როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში - არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ყველა იმ პროფესიონალს, ვისაც უცხოელ ტურისტებთან უშუალო შეხება აქვს.

გიდი ხაზს უსვამს, რომ მთავრობის ჩინოვნიკები, რომლებიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობენ, კრიტიკის მიუღებლობით გამოირჩევიან და პრობლემებზე საუბარს "არაპატრიოტულ" ქმედებად მიიჩნევენ.

"რომელიღაც ჩინოვნიკი მამუნათებდა, რომ თურმე არ ვარ პატრიოტი ადამიანი, რადგან ვდებ ნაგვიანი ყაზბეგის ან გუდაურის გადასახედის, ან კიდევ კოშმარული ტუალეტის ფოტოებს... ეს არც მე მომწონს, მაგრამ ერთადერთი გზაა, მივიქციოთ ყურადღება და [გამოსწორდეს პრობლემები], თუმცა - უშედეგოდ“, - აცხადებს ნუცა ცქიმანაური.

ანტისანიტარია და ღირსების შემლახველი პირობები ტურისტულ ადგილებში

როგორც BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ გიდმა განაცხადა, მართალია, ინდუსტრიიდან ქვეყანა წლიურად მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს, მაგრამ ინფრასტრუქტურული პრობლემები წლების განმავლობაში არ გვარდება.

"ქვეყანას, რომელიც სუნთქავს ტურიზმით, არ გააჩნია სამაშველო ვერტმფრენი, არ გააჩნია რეანიმობილები... სამაგიეროდ გვაქვს წყლის ჭავლის ახალი მანქანები“, - ამბობს გიდი.

მისი თქმით, განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა მაღალმთიან და პოპულარულ მარშრუტებზე. გიდი მაგალითად გუდაური-ყაზბეგის მიმართულებას ასახელებს.

"გუდაურის გადასახედზე, რომელიც ცნობილია როგორც გუდაურის პანორამა, კოშმარული სიტუაციაა. ადგილზე რაღაც გაუგებარი, მოუწესრიგებელი ბაზარია. ირგვლივ ანტისანიტარიაა - ნაგავი პირდაპირ ფერდობიდან იყრება და მეორე მხრიდან ვუყურებთ, როგორაა მიმოფენილი ნაგავი მთელ არაგვის ხეობაში - ბუნებრივია, ამ ყველაფერს ტურისტებიც ხედავენ“, - ამბობს ნუცა ცქიმანაური და შესაბამის ვიდეოსაც გვიზიარებს.

უკვე წლებია, გიდი ასევე საუბრობს ტურისტულ ადგილებში მოწესრიგებული საპირფარეშოების პრობლემაზეც, მაგრამ - უშედეგოდ.

"გუდაურის გადასახედზეც არის ჩასაკუზი საპირფარეშოები... იმ სველი წერტილებით სარგებლობა ღირსების შემლახველია ნებისმიერი ადამიანისთვის. თან აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტები, რომლებსაც მე ვემსახურები, ძირითადად არიან 60+ ასაკის ადამიანები“, - ამბობს გიდი.

"ინკლუზიური ტურიზმის ფიქცია თბილისში"

კიდევ ერთი პრობლემა, რაზედაც ნუცა ცქიმანაურმა წერტილში“ ისაუბრა, არაადაპტირებული ინფრასტრუქტურაა, მათ შორის თბილისში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩაატარა ტრენინგები ინკლუზიურ ტურიზმთან დაკავშირებით (რაც გულისხმობს შშმ პირებისთვის და ეტლით მოსარგებლეებისთვის სერვისების ადაპტირებას), რეალურად თბილისში ვერ მოინახება ვერცერთი სრულყოფილი ტურისტული მარშრუტი, რომელიც ეტლით მოსარგებლეებისთვის ადაპტირებული იქნება.

"პრობლემა ეგ არის, რომ არავინ არ ფიქრობს რეალური პრობლემების მოგვარებაზე. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ პრობლემა არსებობს, ე.ი. ვართ დაუნახავი და უმადური და თურმე ვერ ვხედავთ, როგორ ვითარდება ეს ქვეყანა“, -ამბობს ნუცა ცქიმანაური.

მისივე თქმით, ასევე, პრობლემურია დედაქალაქში საფეხმავლო ტურების მოწყობა ტურისტებისთვის, ვინაიდან ტურისტულ ქუჩებზე, ტროტუარებზეც კი, მანქანებია გაჩერებული და არა - მხოლოდ. გიდმა „წერტილთან“ ინტერვიუში მეტეხის ტაძრის ეზო მოიყვანა მაგალითად და შესაბამისი ფოტო მასალაც მოგვაწოდა.

ვრცლად: bm.ge