2025 წლის ნოემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 4.2%-ით შემცირდა, ამის შესახებ ინფორმაციას PMC კვლევითი ცენტრი აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა იმერეთში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. ოთახის საშუალო ფასი კი 2025 წლის ნოემბერში 101 ლარიდან 390 ლარამდე მერყეობდა.

„2025 წლის ნოემბერში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 101 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 144 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 218 ლარი.

ნოემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 390 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა თბილისში - 531 ლარი, კახეთში - 451 ლარი და შიდა ქართლში - 449 ლარი.

2025 წლის ნოემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 7.5%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 3.0%-ით. მთლიანობაში, 2025 წლის ნოემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 5.9%-ით შემცირდა 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით.

2025 წლის ნოემბერში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 1.8%-ით შემცირდა წინა წელთან შედარებით, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასების ინდექსი - 5.2%-ით. მთლიანობაში, 2025 წლის ნოემბერში სასტუმროს ფასების ინდექსი 4.2%-ით შემცირდა 2024 წლის ნოემბერთან შედარებით”, - წერია PMCG-ის კვლევაში.