აქტივების მმართველი კომპანია Rothschild & Co-სთან მრავალმილიონიანი ხელშეკრულება ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის დეკემბერში გააფორმა და 10 მილიონ ლარამდე გადაიხადა. კონტრაქტის მიხედვით,  Rothschild & Co-მ უნდა მოამზადოს სტრატეგია, რომელიც საქართველოს რეგიონულ ფინანსურ და ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნაში დაეხმარება. კომპანიის დაქირავებიდან 2 წელზე მეტი გავიდა, თუმცა, ჯერჯერობით, მომზადებული დოკუმენტი არ ჩანს.

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კითხვაზე გაგრძელდება თუ არა Rothschild & Co-სთან 2021 წელს გაფორმებული კონტრაქტი პასუხობს, რომ იმ საკითხებზე, რომლებსაც ეს კონტრაქტი შეეხებოდა სამინისტრო მუშაობას აგრძელებს, თუმცა მინისტრი არ აკონკრეტებს გაგრძელდება თუ არა ეს ხელშეკრულება. სამუშაოზე, რაც Rothschild & Co-მ შეასრულა მინისტრი ამბობს, რომ Rothschild & Co-ს მიერ შექმნილი „გარკვეული ანგარიშები არსებობს“.

„ამ საკონსულტაციო ჯგუფთან გვქონდა მოლაპარაკებები, ჩვენ არ ვიყავით წამყვანი უწყება ამ ორგანიზაციასთან მუშაობის პროცესში. კონსულტაციები ჩვენ გვქონდა მათ შორის რეგიონული საფინანსო ცენტრის პრინციპებთან და შესაძლებლობებთან დაკავშირებით. სამინისტროში ამაზე მუშაობა ისედაც მიდის.

გარკვეული ანგარიშები არსებობს, რაც ჩვენ გვაქვს ნანახი, მათ შორის კონსულტაციები ჩვენ ამ უწყებასთან დაკავშირებით გვქონდა კონსულტაციები გარკვეული მიმართულებებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტის შინაარსთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა 2022 წლის 17 იანვარს, მაშინ ითქვა, რომ შეიქმნებოდა ახალი ტიპის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა სახელწოდებით, “სპეციალური ფინანსური ზონა”, სადაც საერთაშორისო კომპანიების ოფისები განთავსდებოდა. მაშინ ითქვა, რომ თბილისის ზღვასთან, ასევე გონიოში 110 ჰექტარზე შეიქმნებოდა სპეციალური ფინანსური ზონები, სადაც საერთაშორისო კომპანიები საგადასახადო შეღავათების სანაცვლოდ გააკეთებდნენ მრავალმილიონიან ინვესტიციებს და დაასაქმებდნენ პირებს. თუმცა, ამ ერთი საჯარო განცხადების მიღმა დეტალები არ თქმულა.