საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა (სენბი) ფუნქციონირებდა ისე, რომ ვერ ასრულებდა ძირითად მოვალეობას. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2022-2023 წლებში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანგარიშში წერია. ესკო საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ერთ-ერთი აქციონერია და სწორედ ამიტომ მოხვდა ანგარიშში.
კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ ესკოს შვილობილი კომპანია სენბი დაარსების დღიდან აუდიტის პერიოდის ჩათვლით ფუნქციონირებდა ისე, რომ ვერ ასრულებდა იმ ძირითად ფუნქცია - მოვალეობებს, რისთვისაც აღნიშნული სტრუქტურა იყო შექმნილი, კერძოდ, ვერ ამოქმედდა:
- დღით ადრე ბაზრის ოპერირება;
- დღიური ბაზრის ოპერირება;
- ორმხრივი ხელშეკრულებების (ფორვარდული) ბაზრის ოპერირება;
- დღით ადრე და დღიური ბაზრებისთვის ანგარიშსწორების სისტემის მართვა.
აუდიტის პერიოდში სენბის ხარჯებმა შეადგინა 2 996 518.
ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების ხელშეწყობის ფარგლებში, დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“, რომლის მიზანია ელექტროენერგიის ბაზრის ისეთი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზრებზე უზრუნველყოფს გამჭვირვალე და საინვესტიციო გარემოს შექმნას და ხელს შეუწყობს ორგანიზებული ბაზრების, მათ შორის, დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების ჩამოყალიბებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების თანახმად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ დაევალათ საწარმოს დაფუძნება 50-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით. აღნიშნული ბრძანებით დაფუძნდა შვილობილი კომპანია სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“, რომლის მიზანია დღით ადრე და შემდგომი დღიური ბაზრების ფორმირება.
ბოლო გადავადებით ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.