ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ხშირად ითიშება. ამის თაობაზე მოქალაქეები უკვე აქტიურად ჩივიან. აღნიშნული პრობლემით დედაქალაქელებიც კი შეწუხდნენ. როგორც ენერგოომბუდსმენმა განაცხადა, დენის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევები, გაზრდილ მოხმარებას უკავშირდება. 

"ელექტროენერგიის წყვეტის ორი ტიპი არსებობს: ერთი, როცა კომპანია სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, რა დროსაც მომხმარებელს შეტყობინება ეგზავნება. მეორე ავარიაა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ მოწყობილი ქსელი, სატრანსფორმატორო ჯიხური ან მისი მოწყობილობა ვერ აკმაყოფილებს ნორმებს. ეს ხშირ შემთხვევაში ელექტროენერგიის წყვეტას იწვევს და ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის მომხმარებელს და ბიზნესსაც.

ამიტომ ამ საკითხის სისტემური სწავლა დავიწყეთ. მომართვიანობის შესწავლით ერთ რამეს მივხვდით, რომ ელექტროენერგიის გაზრდილ მოხმარებას, გაზრდილ აბონენტებს ის სატრანსფორმატორო ჯიხურები, ქვესადგურები და ქსელი ვერ უძლებს. შესაბამისად, სჭირდება მასშტაბური ცვლილება”, - განაცხადა ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა და დასძინა, დასძენს, რომ ამ საკითხის განხილვას "თელასთანაც” აპირებენ, რათა ელექტროენერგიის მიწოდების შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდეს.

მოქალაქეები ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ხშირად საუბრობენ. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ვარკეთილის ტერიტორიაზე რამდენიმე საათით დენის გათიშვის შემდეგ არც ინტერნეტი მუშაობდა და არც მობილური ქსელები იჭერდა.

"4 ნოემბერს ვარკეთილის ტერიტორიაზე რამდენიმე საათით ელექტროენერგია გაითიშა. ბოლო პერიოდში დენი ხშირად მიდის, მაგრამ ორი დღის წინ მომხდარი შემთხვევა სულ სხვა იყო. დენის წასვლის შემდეგ არც ინტერნეტი მუშობდა და ვერც მობილიური ტელეფონით ვსარგებლობდით, არც ერთი ქსელი არ იჭერა ვარკეთილის ტეროტორიაზე. არ ვიცი, რას უკავშირდება ასეთი მასშტაბური საკითხი, მაგრამ როგორც ითქვა, იგივე პრობლემა იყო ისან-სამგორშიც”, - ამბობს ვარკეთილში მცხოვრები მოქალაქე.

ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ დაადასტურა, რომ პრობლემა მასაც შეეხო და შესაძლებელია, რომ ქსელები მართლაც ვერ უძლებდეს დიდ დატვირთვას, თუმცა არსებობს სხვა საკითხებიც.

"ორი დღის წინ ჩემთანაც იგივე სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ სიმართლე, გითხართ, არ ჩავთვალე საჭიროდ გადამემოწმებინა, რაში იყო საქმე. ზოგადად, ჩვენი ქსელი ტექნიკურად რომ პრობლემურია, ეს ახალი ამბავი არ არის. მაგალითად, ხანდაზმულობა, დატვირთვის გაზრდა და ა.შ.

მთავარი არის ის, რომ სისტემური წყვეტა არ არის. სისტემური წყვეტა ნიშნავს იმას, როდესაც ქვეყანაში გენერაცია დავარდება და საერთოდ არ არის ელექტროენერგიის გამომუშავება და მიწოდება.

ეს არის ტექნიკური პრობლემები, რომლებიც გამოწვეული შეიძლება იყოს, როგორც ქსელის ხანდაზმულობით, ისე გადატვირთვით და მოხმარების გაზრდითაც. დიახ, მოთხოვნის გაზრდის შედეგადაც შესაძლებელია წყვეტა მოხდეს, რადგან ქსელს არ აქვს ამდენის გატარების უნარი, მოთხოვნამ იმატა და შესაბამისად, გარკვეული პრობლემა შეექმნა, ისედაც პრობლემურ ქსელს. ახლა უკვე აცივდა. მოთოვა და ამიტომ დატვირთვა გაიზარდა, რაც ქსელზე ცუდად მოქმედებს. ჯამში კი გამოდის, რომ გვაქვს ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება”, - განაცხადა გია არაბიძემ.

ქსელის პრობლემებზე საუბრობენ სხვა ენერგეტიკოსებიც. მათი განცხადებით, მხოლოდ მოთხოვნის ზრდა არ არის დატვირთვა, არამედ არსებობს სხვა საკითხებიც. ანალიტიკური ცენტრის 'მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” დამფუძნებელმა მურმან მარგველაშვილმა აღნიშნარომ, ქსელს მუდმივად აქვს პრობლემები და მას ყოველთვის სჭირდება შეკეთება.

"გაზრდილი მოთხოვნა საინვესტიციო გეგმებში წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული და ასევე იყოს შეტანილი ტარიფში. ეს არის წესი. არა მგონია მოთხოვნის ზრდა მთავარი გამოწვევა იყოს. საერთოდ, ქსელს ყოველთვის სჭირდება შეკეთება. საუბარია იმაზე რამდენად კარგად კეთდება და რამდენად გამძლეა”, - განუცხადა "რეზონანსს” მარგველაშვილმა.

დენის გათიშვის შემთხვევები ხშირია საქართველოს მაღალმთიანეთში. დროსთან ერთად ამ პრობლემამ გადმოინაცვლა რეგიონებში და უკვე ბოლო პერიოდში დედაქალაქშიც.

სემეკის 2024 წლის 9 თვის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება წინა წელთან შედარებით გაზრდილია, რომლის ძირითადი ნაწილი საყოფაცხოვრებო ნაწილზე მოდის. აღსანიშნავია, რომ დიდი წილი აქვს მსხვილი შემსყიდველების მხრიდან ელექტროენერგიის მოხმარებასაც, მათ შორის არის მეტალურგია და ფეროშენადნობები. რაც შეეხება კრიპტოვალუტის მაინინგს, მსხვილი შემსყიდველი კომპანიების ჩამონათვალში სულ რამდენიმე კომპანია გვხვდება.

"გალტ ენდ თაგარტის” კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა აღნიშნა, რომ კრიპტომაინინგის წილი ელექტროენერგიის საერთო მოხმარებაში ბოლო წლებში შემცირდა, რაც ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიების რაოდენობის კლების ხარჯზე მოხდა. მაინინგს ელექტრომოხმარების საერთო მოცულობაში მხოლოდ 1.5%-იანი წილი უჭირავს, რასაც ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე დიდი ასახვა არ აქვს.

"ყველაზე დიდი მოხმარება როცა იყო დატა ცენტრების მხრიდან, მაშინაც საერთო მოხმარების 3.5%-ს არ აღემატებოდა. მასშტაბურად დიდი არ არის, ამ მონაცემებით 9 თვეში წილი 1.5%-მდე არის შემცირებული. რაც ნიშნავს, რომ მათი მხრიდან მოხმარებამ იკლო, რაღაც საწარმოები გაჩერდა.

როგორ გაგრძელდება, რთულია პროგნოზების გაკეთება მსოფლიო დონეზე, მაგრამ გლობალურად რომ ავიღოთ, ქვეყანაში თუ არ იქნებიან დატა ცენტრები, რომლებიც კრიპტოებზე არ იმუშავებენ, იქნებიან სხვა ცენტრები, რომლებიც სხვა მიმართულებით იმუშავებენ. ყველაფრის გაციფრულება ხდება, რასაც სჭირდება მეტი რესურსი, ამისთვის კი აუცილებელია უწყვეტი ელექტრომომარაგება. ალბათ ქვეყნის ჭრილში რომ შევხედოთ, შეიძლება კრიპტოს ხარჯზე არ იყოს მოთხოვნა გაზრდილი და ის იყოს გლობალურად გაიზარდოს კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე”, -განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.

წყარო: რეზონანსი