„ადგილობრივი გადაზიდვების მოცულობა სავალალოა და სრული გადაზიდვების 1.7%-ს შეადგენს. საერთოდ, ბოლო წლებში ეს რიცხვი იმდენად დაბალია, რომ ბოლო 10-15 წელში ასეთი ცუდი მაჩვენებლები არასდროს გვქონია“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რკინიგზით 3.2 მლნ ტვირთი გადაიზიდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 9.4%-იანი კლებაა.
„მიმაჩნია, რომ ეს საგანგაშო მდგომარეობაა. 2022 წლის თებერვლიდან სარკინიგზო ტრანსპორტმა გადაზიდვების მოცულობა დაახლოებით 30%-ით გაზარდა, რაც პატარა რიცხვი ნამდვილად არაა. ეს ძირითადად სატრანზიტო გადაზიდვების ხარჯზე გააკეთეს.
ჩვენ, ვინც ამ საქმეში აქტიურად ვიყავით და ვართ ჩართული, ამ ფაქტიდან გამომდინარე, ვვარაუდობდით, რომ მომდევნო წლებში 8-10%-იანი ზრდა გვექნებოდა, მაგრამ პირიქით ხდება და გადაზიდვები მცირდება.
კიდევ უფრო სავალალოა ადგილობრივი გადაზიდვების მოცულობა, რომელიც სრული გადაზიდვების 1.7%-ს შეადგენს. საერთოდ, ბოლო წლებში ეს რიცხვი იმდენად დაბალია, რომ ბოლო 10-15 წელში ასეთი ცუდი მაჩვენებლები არასდროს გვქონია. ამ ფონზე, ქვეყანას, რომელიც ორნიშნა ეკონომიკური ზრდით ამაყობს, ალოგიკურია, ასეთი მიზერული ოდენობის შიდა გადაზიდვები ჰქონდეს.
თუკი ქვეყანას პრეტენზია აქვს შუა დერეფანი ჩამოაყალიბოს და ეს მისი ერთ-ერთი ქვაკუთხედია, მაშინ გაუგებარია, ასეთი მცირე გადაზიდვებით ამის გაკეთება როგორ უნდა მოხერხდეს. რა მაჩვენებლებიც ჩვენ გვაქვს, ესაა დამახასიათებელი ჩიხური ქვეყნებისთვის - ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, სომხეთი...
ასე რომ, ნამდვილად გაუგებარია, თუკი ეს მიმართულება გვაქვს აღებული, რატომ არის სტრუქტურა ასეთი გაუმართავი და შესაბამისად დაბალშედეგიანი“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“.