ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი ყოველწლიურად იზრდება, რის გამოც დღის წესრიგში ამ მარშრუტის კიდევ უფრო ეფექტიანად და კონკურენტუნარიანად ქცევა დგება - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკითხზე ისაუბრეს თამარ იოსელიანმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა.
სამინისტროს ცნობით,მხარეებმა სატრანსპორტო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტს, რომელსაც შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.
„წლიდან წლამდე ჩინეთიდან შუა დერეფნის მიმართულებით ტვირთნაკადი მზარდია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საერთო ამოცანა იყოს, დერეფანი გავხადოთ უფრო მდგრადი, საიმედო, ეფექტიანი და კონკურენტუნარიანი“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ტვირთბრუნვის გარდა, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაფართოების პერსპექტივებიც გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარი შეეხო თბილისიდან პეკინისა და კუანგჭოუს (Guangzhou) მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყებას, რაც მხარეების შეფასებით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკური კავშირების, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავებას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ამ მიმართულებით პარტნიორობის პრაქტიკულ რეჟიმში გადასაყვანად, საქართველო და ჩინეთი ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ჩამოაყალიბებენ, რომელიც ყველა ტიპის ტრანსპორტთან დაკავშირებულ საკითხებს გააკონტროლებს.