ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. მისი თქმით, 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.
„კერძო სექტორის მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ტრადიციულად წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს. როგორც იცით, წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით მთელი რიგი პროგრამები ხორციელდება.
ამ ეტაპზე, ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ ერთ-ერთი პოპულარული პროგრამის, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც უკვე 20-დან 70 000 ლარამდე სესხებზე მიკრომეწარმეებს ექნებათ წვდომა ნულოვანი საპროცენტო განაკვეთით.
ვფიქრობთ, რომ განახლებული ფორმატით პროგრამა კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს კერძო სექტორში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია როგორც რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებით“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, ამიერიდან 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკრო სესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება.
ახალი პირობების თანახმად, მიკრო და მცირე მეწარმეებს პროგრამაში განმეორებით მონაწილეობის შესაძლებლობაც უჩნდებათ. წარმატებული ბენეფიციარებისთვის პროგრამას დაემატა 70 000-დან 150 000 ლარამდე განვითარების სესხი, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთითა და 80%-იანი სახელმწიფო გარანტიით.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს