ეკონომიკის სამინისტრო ექსპლუატაციაში მიღებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების ნორმების შემუშავებასა და მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბებაზე მუშაობს. უწყებამ პროექტის იურიდიულ მომსახურებაზე, კერძოდ ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების მიზნით 192 275 აშშ დოლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. რეგლამენტი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა მომზადდეს. ირკვევა, რომ პროექტი თავდაპირველად USAID-ს უნდა დაეფინანსებინა, თუმცა დონორმა მასზე მუშაობა შეწყვიტა, რის გამოც ის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
"ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შემუშავების მიზნით, სამინისტრო თანამშრომლობდა USAID-თან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, USAID-ის მიერ გამოცხადდა კონკურსი, რომლის საბოლოო შედეგიც ვერ დადგა, რადგან დონორმა ორგანიზაციამ შეწყვიტა პროექტზე მუშაობა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა პროექტის გაგრძელების საკითხი სამინისტროს სახსრებით."- აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის შესახებ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ინფორმაციაში ასევე წერია, რომ საქართველოში არსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების (კაშხლები) უმრავლესობის საშუალო ასაკი 62 წელს აჭარბებს. მსოფლიოში არსებული მიდგომებით და დადგენილი პრაქტიკით, ამ ასაკის კაშხლებს შესაძლოა დაძველებული ჰქონდეთ მეტალის, ბეტონისა და სხვა შემადგენელი კომპონენტები. აქედან გამომდინარე, საჭიროა ნაგებობების მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი და კონტროლი სხვადასხვა სახის ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით, რისთვისაც აუცილებელია ტექნიკური რეგლამენტის შემუშავება.
ამასთან, განმარტებულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია ჰიდროტექნიკური ნაგებობების ექსპლუატაციის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციების დაკისრება, თუმცა ტექნიკური რეგლამენტის არარსებობის გამო ვერ ხდება კანონის აღსრულება.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ვინაიდან ჰიდროტექნიკურ ობიექტებზე ინციდენტებისა და ავარიების რისკი მაღალია მათი წლოვანებიდან გამომდინარე, საჭიროა ნაგებობების შემჭიდროებულ ვადებში შემოწმება და უსაფრთხო ფუნქციონირების წესების განსაზღვრა. სწორედ ამის გამო უწყებამ გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. სამინისტროში განმარტავენ, რომ ელექტრონული ტენდერის გამოცხადების შემთხვევაში მომსახურების შესყიდვის პროცესი გაჭიანურდება, რაც რისკების პრევენციას შეაფერხებს.