2014 წლის 27 ივნისიდან საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება წარმოადგენდა. 

2018 წლის იანვრიდან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჩინეთთანაც ამოქმედდა. მსგავსი ან შინაარსობრივად მასთან გათანაბრებული შეთანხმება აქვს გაფორმებული საქართველოს ბრიტანეთთან, თურქეთთან და დსთ-ს წევრ ქვეყნებთან.

რაც შეეხება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხს, ექსპორტის განვითარების ასოციაციაში განმარტავენ, რომ 2014 წელს მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანაში საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს.

,,თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი უპირველესად, თავშივე მოიაზრებს, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი წარმოების წესებს და საკმარისად არის გადამუშავებული, სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით იმპორტის დროს.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბაზარია, რადგან ეს არამხოლოდ ვაჭრობის, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი შეთანხმებაა.

ჩვენთვის ეს ბაზარი უმნიშვნელოვანესია, მიუხედავად იმისა ვაჭრობა იკლებს თუ იმატებს.

ეს მხოლოდ სავაჭრო შეთანხმება არ არის, ეს ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოტენციალის მიმცემია ინვესტიციების მოსაზიდად, რათა მოხდეს საექსპორტო პროდუქციის წარმოება და ასევე, აღნიშნული შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა.

მოკლევადიანი მიზნებისთვის საინტერესო არის ახალი შეთანხმება გაერთიანებულ ემირატებთან, სადაც იმპორტის გადასახადი ძალიან მაღალი არ არის, მაქსიმუმ 5%-ი. ეს შეთანხმება ადგილობრივი ბიზნესწრეების ყურადღების მისაქცევად მნიშვნელოვანია, რათა გამარტივდეს ვაჭრობის რეჟიმი და ქართული პროდუქციისადმი ინტერესი გაიზარდოს.

ბოლო პერიოდში ჩინეთთან დავდეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, იქაც არის გარკვეული გარდამავალი დებულებები და გარკვეული პერიოდით მცირდება იმპორტის ტარიფები. ამ შესაძლებლობით, ალბათ, ყველაზე მეტად ღვინომ ისარგებლა. თუმცა, როცა ექსპორტი რუსეთის მიმართულებით გაიზარდა, ფაქტობრივად ეს ზრდადობა გადათამაშდა უკვე რუსეთისკენ და ამ მიმართულებით შემცირდა ვაჭრობა“,- ამბობს ასოციაციის გამგეობის წევრი, გვანცა მელაძე.

თავისუფალი ვაჭრობის კუთხით გამოსარჩევია დიაგონალური კუმულაცია, რომელიც 3 წელია საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის მოქმედებს.

მხარეებს შორის შეთანხმების მიხედვით, ქართულ ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, თურქეთიდან შემოტანილი ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებული პროდუქცია ევროკავშირში თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით შეიტანოს.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება პანაცეა არ არის, მას თავისი პირობები აქვს, რომელიც უნდა დაკმაყოფილდეს.

სამწუხაროდ, ვინაიდან საქართველოში დიდი რაოდენობით ნედლეული არ იწარმოება, საკმარისი გადამუშავება ხშირად არ არის მიღწეული და ბევრი ქართული პროდუქტი ამ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმებით ვერ სარგებლობს.

თუმცა, უკანასკნელ პერიოდში საკმაო წარმატება ჰქონდა დიაგონალურ კუმულაციას. ეს არის ცალმხრივი შეთანხმება საქართველოს-თურქეთსა და ევროკავშირს შორის, როდესაც თურქული ნედლეულით შექმნილი პროდუქცია საქართველოში მუშავდება, ითვლება საკმარისად გადამუშავებულად და მას ენიჭება ქართული წარმოშობა, შესაბამისად თავისუფლდება ევროკავშირში იმპორტის დროს.

ამ შეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვნად ისარგებლა საფეიქრო დარგმა. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში ეს ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი შეთანხმებაა, რაც კი საქართველოს ჰქონია გაფორმებული პარტნიორ ქვეყნებთან“,- აღნიშნა გვანცა მელაძემ.

ქრისტინა კვაჭანტირაძე