საქართველოში შესაძლოა, უმუშევრობის დაზღვევა სავალდებულო გახდეს. აღნიშნულ საკითხზე კანონპროექტის მომზადება მიმდინარეობს. შესაბამისად, ამ დროისთვის უცნობია, თუ რა სქემით მოხდება დაზღვევის აღნიშნული პროდუქტის დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დაზღვევა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა განსხვავებული სქემებით.
„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა მოეპოვებინა ინფორმაცია, თუ რა მოდელის უმუშევრობის დაზღვევა მოქმედებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, როგორია თანამონაწილეობა დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფო ერთობლივად. გთავაზობთ, რამდენიმე მაგალითს:
ევროპაში უმუშევრობის დაზღვევა თითქმის ყველა დასაქმებულს აქვს
სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ასოციაციის (ISSA) მონაცემებით, მსოფლიოში სადაზღვევო სისტემები ინტეგრირებულია სოციალური დაზღვევის ზოგად სისტემაში, როგორიც არის სამედიცინო, საპენსიო, და უმუშევრობის სხვა სახის დაზღვევა.
ქვეყნების 45%-ში უმუშევრობის შემწეობა მხოლოდ სოციალური დაზღვევის პროგრამების ნაწილია, ხოლო ქვეყნების 14%-ში უმუშევარი მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამები არ არსებობს.
უმუშევრობის სავალდებულო დაზღვევის უცხოურ მოდელებს საერთო მახასიათებლები აქვთ. ეს არის: დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისგან სადაზღვევო შენატანების შეგროვების მექანიზმი; სახელმწიფოს მონაწილეობა კრიზისების დროს უმუშევრობის შემწეობის თანადაფინანსებაში ან დასაქმების სადაზღვევო ფონდების არასაკმარისი ფინანსური დახმარების დროს და ა.შ.; დასაქმებულების სავალდებულო ჩართვა უმუშევრობის დაზღვევის სისტემაში და თვითდასაქმებულებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისთვის უმუშევრობის დაზღვევის განსაკუთრებული პირობები.
ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევრობის დაზღვევას, თითქმის, ყველა დასაქმებული ექვემდებარება. სპეციალური დაზღვევის პირობები, როგორც წესი, დასაქმებულის შრომით ხელშეკრულებებში შედის.
ევროზონის ქვეყნების დასაქმების სააგენტოებში ოფიციალურად რეგისტრირებული უმუშევარი პირების უმრავლესობა, რომლებიც აკმაყოფილებენ დაზღვევის პირობებს, უმუშევრობის შემწეობას იღებს. გერმანიაში, ბელგიაში, ფინეთსა და ავსტრიაში ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში დაახლოებით 90%-ია. განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში (სამხრეთ აფრიკა, ალჟირი, ხორვატია) უმუშევარი მოქალაქეების დაზღვევით უზრუნველყოფის დაფარვის დონე უმნიშვნელოა, რაც მეტწილად შემწეობის გაცემის პირობების შესახებ მკაცრი საკანონმდებლო ნორმებით, შრომის ბაზარზე ჩრდილოვანი დასაქმების მაღალი დონითა და დამსაქმებლებისა და დასაქმებულების მხრიდან დასაქმების ფონდებში შენატანების დაბალი დონით არის განპირობებული.
უმუშევრობის დაზღვევით სარგებლობს:
- ბელგია - 99%
- ავსტრალია - 89%
- ფინეთი - 88%
- გერმანია - 86%
- საფრანგეთი - 85%
- ნიდერლანდები - 68%
- შვეიცარია - 64%
- დანია - 58%
- კანადა - 48%
- სამხ.კორეა - 40%
- მონღოლეთი - 30%
- ბულგარეთი - 30%
- ხორვატია - 20%
- სამხრეთ აფრიკა - 10%
- ალჟირი - 9%
რა სისტემები მოქმედებს?
უმუშევრობის დაზღვევის არსებულ სისტემებს არა მხოლოდ საერთო, არამედ განსხვავებული მახასიათებლებიც აქვთ. ისინი ხშირად ინტეგრირებულია ეროვნულ სოციალურ პროგრამებში, დასაქმებისა და სიღარიბის შემცირების პროგრამებში. როგორც უცხოური პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, უმუშევრობის დაზღვევის სისტემებს შორის ძირითადი განსხვავებები შემდეგია: სადაზღვევო შეღავათების დანიშვნის პირობები; დაკარგული შემოსავლის კომპენსაციის ოდენობა (გათავისუფლების დროს მიღებული შემოსავლის ჩანაცვლების კოეფიციენტი); შეღავათის მიღების პირობების დარღვევისთვის სანქციები; დამატებითი მატერიალური გადახდების მიღების პირობები; დასაქმებულთა დაზღვევის სისტემით დაფარვის დონე და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კატეგორიებისთვის, მათ შორის, საპენსიო ასაკამდელი პირებისთვის სადაზღვევო შეღავათების დანიშვნის პირობები.
უმუშევრობის დაზღვევის დაფინანსების სხვადასხვა ფორმა უმუშევარი მოქალაქეების სოციალური დაცვის კანონმდებლობით დადგენილი მოდელის მიხედვით გამოიყენება. ქვეყნებში დაფინანსების წყაროებისა და მეთოდების კომბინაცია შესაძლოა, განსხვავებული იყოს, როგორიც არის დაფინანსება ექსკლუზიურად თანამშრომლების შენატანებით, მხოლოდ დამსაქმებლების შენატანებით ან საბიუჯეტო სახსრების მიზიდვით.
ბელგიაში, კვიპროსში, ესტონეთში, ლიეტუვაში, მალტასა და სლოვაკეთში საბიუჯეტო სახსრებიდან უმუშევრების შემოსავლის მხარდაჭერის ხარჯის ოდენობა მშპ-ის 0.5%-დან 2.5%-მდე მერყეობს, ხოლო საფრანგეთსა და ესპანეთში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.5%-ია.
აშშ-ში, იაპონიასა და ჩილეში დასაქმების ფონდებში სახელმწიფო ინექციების წილი უმნიშვნელო, 0.2%-მდეა. აშშ-ში ფედერალურ ზოგად კანონმდებლობასთან ერთად არსებობს სახელმწიფო კანონმდებლობაც, რომელიც სადაზღვევო ფონდების თანადაფინანსების სხვადასხვა პირობებს და უმუშევარი მოქალაქეების სოციალური დახმარების სერვისებში გადამისამართების პროცედურას ითვალისწინებს.
შვეიცარია დასაქმებულებისა და დამსაქმებლების შენატანების დაბალი დონით (1.1%) გამოირჩევა და სახელმწიფო უმუშევრობის დაზღვევის ფონდების მუდმივი თანადამფინანსებელია.
უმეტეს ქვეყნებში სადაზღვევო შენატანები სავალდებულოა და დასაქმებულთა ყოველთვიური ხელფასიდან პროცენტის სახით, ხოლო დამსაქმებლების სახელფასო ფონდიდან წილობრივად გამოითვლება. დასაქმებულებისა და დამსაქმებლების მონაწილეობის ხარისხი შეიძლება იყოს თანაბარი ან დამსაქმებლებისთვის უფრო მეტი.
ქვეყნების მიხედვით დამსაქმებლებისთვის შენატანების ყველაზე მძიმე ტვირთი ესპანეთში, კანადაში, ჩეხეთსა და გერმანიაში ფიქსირდება. დასაქმებულებისთვის შენატანები, თითქმის, ორჯერ ნაკლებია უნგრეთსა და საფრანგეთში. ევროპის რიგ ქვეყნებში (შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში და სხვ.) როგორც დამსაქმებლები, ასევე, დასაქმებულები სადაზღვევო სისტემაში ერთნაირ შენატანებს იხდიან.
უმუშევრობის დაზღვევაში როგორც დამსაქმებლის, ასევე დასაქმებულის მხრიდან ყველაზე მაღალი შენატანები ფიქსირდა დანიაში (8%), ესპანეთში (7.8%) და ავსტრიაში (6%), ხოლო უფრო დაბალი მაჩვენებლები განვითარებადი ბაზრის ეკონომიკებსა და იმ ქვეყნებშია, სადაც უმუშევრობის დაზღვევის სქემები ჯერ კიდევ მოუგვარებელია. ასეთია ალბანეთი, ტაილანდი, მონღოლეთი და ბულგარეთი. თითოეულ მათგანში საერთო შენატანი, დაახლოებით, 1%-ს შეადგენს.
საინტერესოა ქვეყნების გამოცდილება უმუშევრებისთვის ინდივიდუალური დანაზოგის სადაზღვევო ანგარიშების სისტემის დანერგვაში. ეს დაზღვევის პროგრამები აქტიურად განვითარებადი ეკონომიკის მქონე რიგ ქვეყნებში (იორდანია, კოლუმბია), ასევე, რამდენიმე განვითარებულ ქვეყანაში (ჩილე) გამოიყენება. პროგრამების საფუძველი დაქირავებული მუშაკების ინდივიდუალურ ანგარიშებზე თანხის დაგროვებაა, რომლის გადახდაც სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში არის შესაძლებელი. რიგ ქვეყნებში ეს თანხა პენსიის დასანიშნად გამოიყენება.
ამასთან, მრავალ ქვეყანაში უმუშევრობის დაზღვევის სქემებში საჯარო სექტორის მუშაკების ჩართვა განიხილება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას განვითარებად ბაზრებსა და განვითარებად ქვეყნებში, სადაც საჯარო სექტორში დასაქმების წილი უკიდურესად მაღალი, ხშირად კი საერთო დასაქმებულთა 40%-ზე მეტია და სადაც საჯარო და კერძო სექტორს შორის დასაქმების პირობების დიდი სხვაობა კერძო სექტორში დასაქმებას ამცირებს.
განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში საჯარო სექტორის მუშაკები უმუშევრობის დაზღვევის სქემებში მონაწილეობენ. ზოგიერთ ქვეყანას (სამხ.კორეა, ტაილანდი და ა.შ.) შერეული სისტემები აქვს, რომლებიც საჯარო სექტორის მუშაკებს უმუშევრობის დაზღვევის სპეციალურ სქემაზე წვდომას ანიჭებს.