მინისტრი დავით სონღულაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეს, გამგეობის წევრებს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მუშაობს სამელიორაციო ობიექტების მოწესრიგებაზე. დავით სონღულაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წყლის რესურსების ეფექტიანად გამოყენების და ფერმერებისთვის წყლის სტაბილური მიწოდებისთვის მნიშვნელოვანია წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის ჩამოყალიბება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მსოფლიო ბანკის შეჯერებული კონცეფციის საფუძველზე, შიდა სამეურნეო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მართვის გაუმჯობესების, ფერმერისათვის საჭირო დროს, საჭირო რაოდენობის წყლის სტაბილური მიწოდების და სამართლიანი წყალგანაწილების უზრუნველსაყოფად, საქართველოს სხვადასხვა საირიგაციო სისტემაზე დაგეგმილია წყალმომხმარებლთა ორგანიზების შექმნა.
საგარეჯოში გამართულ შეხვედრაზე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების მხრიდან დადებითად შეფასდა საქართველოში პირველი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის შექმნა. ორგანიზაციის მომსახურების არეალი მოიცავს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს: გიორგიწმინდა, ნინოწმინდა და წყაროსთავი.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას შეფასებით, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული წესები კარგად არეგულირებს როგორც წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებთან, ასევე, საირიგაციო წყლის რეჟიმებთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც ერთ დოკუმენტშია მოქცეული.
„ყველა საჭირო მიმართულებით საუბარი გვაქვს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან. თუკი მათი მხრიდან პრაქტიკაში გამოჩნდება დამატებით რეგულაციის ან მარეგულირებელი ნორმების დაზუსტების საჭიროება, კომისია მუდმივად მზად არის, სამუშაო რეჟიმში განიხილოს ყველა საკითხი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს