ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) გენერალური დირექტორის, თორნიკე ყაზარაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორი მუდმივ განვითარებას საჭიროებს.

როგორც თორნიკე ყაზარაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, მთავარი მიზანია საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ბაზრის დაკავშირება მოხდეს, რისთვისაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია.

"ენერგეტიკის სექტორი ცოცხალი ორგანიზმია, არ უყვარს გაჩერება. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები მიმდინარეობს. მაგალითად, ვიცით რომ მომავალ წელს ჩვენს ქსელში საკმაოდ დიდი რაოდენობის გენერაციის ობიექტები უნდა მივიღოთ. ეს რამდენადაც კარგი შესაძლებლობაა, იმდენად დიდი გამოწვევაა. ამ ყველაფერს ინფრასტრუქტურა, გამართული ბირჟა უნდა დავახვედროთ. სხვადასხვა ტიპის რეფორმები, ახალი სისტემების დანერგვა, ბაზრის მოდელების მოდიფიცირება და ბევრი რიგი საკითხები გვჭირდება. ეს ყველაფერი კოორდინირებულად და ერთდროულად უნდა დაიწყოს", - აცხადებს თორნიკე ყაზარაშვილი.

თორნიკე ყაზარაშვილი ენერგეტიკის სექტორში ფასების მერყეობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ცვლილებები ძირითადად შიდა გენერაციის სეზონურობაზეა დამოკიდებული, ამიტომ სხვადასხვა წლებში, როგორც ელექტროენერგიის იმპორტის საჭიროება, ისე ფასების დინამიკა იცვლება. მაგალითად, 2023 წელს ფასები შემცირდა, ხოლო 2024-ში ზრდა დაფიქსირდა.

"სტატისტიკას რაც შეეხება კონკრეტულად რომ  ვთქვათ, წლის შიდა გენერაციის სეზონურობაზეა დამოკიდებული. შეიძლება გვალვიანი წელიწადი იყო, ან არ იყო. უფრო კონკრეტულად, მეტი გენერაცია გვქონდა, თუ სხვა ქვეყნიდან შემოტანა დაგვჭირდა, ამიტომ სხვადასხვა, პერიოდში ფასები მერყეობს. მაგალითად, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, საშუალო წლიური ფასი 31%-ით ნაკლები გვქონდა. 2022 წელს შიდა გენერაცია არ გვყოფნიდა და გარე რესურსებზე ვიყავით დამოკიდებული. 2024 წელს კი დაახლოებით 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ამ ყველაფერზე სეზონურობა მოქმედებს. რესურსები მაშინ გვაქვს, როდესაც კარგი ამინდები გამოვა - გაზაფხულის პერიოდში ზაფხულის შუა რიცხვებში. თოვლი, რომ დადნება და ფიზიკურად მარაგი აღარ იქნება, ჰესებში ელექტროენერგია აღარ არის, ამიტომ ჯერჯერობით ზამთარში დეფიციტია", - აცხადებს თორნიკე ყაზარაშვილი.

ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 2006 წლიდან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობის, ქვეყნის უწყვეტი ელექტრომომარაგების და ქართული ენერგეტიკის აქტიური განვითარების მიმართულებით მუშაობს. ესკომ ფუნქციონირება 2006 წელს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე დაიწყო. აღნიშნული კანონისა და "ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების" შესაბამისად, ესკო ექსკლუზიურად ახორციელებს: საბალანსო ელექტროენერგიითა და გარანტირებული სიმძლავრით ვაჭრობას, სეზონური საჭიროების მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტსა და ექსპორტს, საბითუმო აღრიცხვის კვანძების ინსპექტირებას, ასევე გვხვდება ახლად აშენებული ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის გარანტირებულ შემსყიდველად. 

bp.ge