ჩაის მწარმოებელთა ასოციაციამ დარგის განვითარების 3-წლიანი სტრატეგია შეიმუშავა. ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე განმარტავს, რომ სტრატეგია დარგში არსებული გამოწვევების კომპლექსურ გადაჭრას ისახავს მიზნად. დოკუმენტი უკვე წარედგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თენგიზ სვანიძის განცხადებით, სახელმწიფოსთან ინტენსიური კომუნიკაციის შედეგად, მომზადდა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს თვეებში საკანონმდებლო ცვლილებებით განმტკიცდება.
მათ შორის, უახლოეს პერიოდში განიხილება „ჩაის შესახებ რეგლამენტის“ მიღება და საკანონმდებლო ცვლილებები მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ, რაც დარგის წარმომადგენლებს პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.
„ჩვენს ასოციაციას ჰქონდა შეხვედრების სერიები სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. მომზადდა დარგის განვითარების სამწლიანი კონცეფცია, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი. პირველ რიგში, ეს არის ჩაის შესახებ რეგლამენტის მიღება, რაც პარლამენტის აგრარულ კომიტეტთანაც შეთანხმდა და ალბათ, 2-3 თვეში მიღებული იქნება. ასევე, ძალიან საინტერესოა მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ კანონის მიღება, რომელიც ყველა ასოციაციას საშუალებას მისცემს, უფრო აქტიურად ჩაერთონ დარგის განვითარებაში“, - განმარტავს თენგიზ სვანიძე.
მისივე თქმით, დარგისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერაც, კერძოდ, საბრუნავი სახსრების გამოყოფა სეზონური მზადების პერიოდში, რაც სესხის სახით აპრობირებული და ეფექტური მეთოდია.
“კონცეფცია ძალიან ბევრ თემას მოიცავს, ეს არის კომპლექსური თემა. არ გვინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ სახელმწიფოს უნდა ჩამოეკიდოს დარგი და მარტო სახელმწიფოს დახმარების იმედზე იყოს. არ არის ასე, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია თავი გავიტანოთ, მაგრამ იმ თემებში, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის, ანუ სამუშაო პირობების შექმნის კუთხით, ვთანამშრომლობთ სამინისტროსთან და სამთავრობო უწყებებთან. დანარჩენს დარგი თავად გაართმევს თავს”, - ამბობს თენგიზ სვანიძე.
მისივე თქმით, საჭიროა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ცვლილებაც. მიუხედავად იმისა, რომ 2000 ჰექტარი უკვე რეაბილიტირებულია, პროცესი მარკეტინგული მხარდაჭერის გარეშე რისკის ქვეშ დგება.
„კონცეფციაში ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს არის: რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხები იქნებ გადავანაწილოთ უფრო მარკეტინგის კუთხით დახმარებაზე. რატომ? იმიტომ, რომ თუ რეალიზაციაში შეფერხება იქნება, რეაბილიტირებული პლანტაციები, შეიძლება ისევ გაველურდეს. მაგალითად, ფირმამ 20 ჰექტარის რეაბილიტაცია გააკეთა, მოკრიფა, გადაამუშავა, მაგრამ რეალიზაციაში პრობლემა შეექმნა. შემდეგ წელს ის უკვე აღარ კრეფს მთელ ფართობს, რათა საწყობისთვის არ აწარმოოს. დაუკრეფავი პლანტაცია კი ისევ გაველურებისკენ მიდის. ამიტომ, ეს ჯაჭვი - რეაბილიტაცია, კრეფა, წარმოება და რეალიზაცია - ჰარმონიულად უნდა იყოს ერთმანეთთან“, - აღნიშნავს თენგიზ სვანიძე.
მისივე ცნობით, ქართული ჩაის სექტორში ბოლო წლებში განხორციელებულმა ცვლილებებმა გავლენა იქონია როგორც პროდუქტის ხარისხზე, ისე მის წილზე შიდა ბაზარზე. სვანიძე აღნიშნავს, რომ დღეისთვის შიდა ბაზარზე ქართული ჩაის ხვედრითი წილი დაახლოებით 20-25%-მდეა ასული, რაც ოპტიმალური მაჩვენებელია.