2023 წლის ივნისში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივნისთან შედარებით 16%-ით, 1,295 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 10%-ით შემცირდა და 59 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
Colliers Georgia-ს მიმოხილვის მიხედვით, ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა.
„ბათუმში 2023 წლის ივნისში, ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 31%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებლის 21% და 22%-იანი კლება დაფიქსირდა.
ივნისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
2023 წლის პირველ ნახევარში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 9%-ით, 8,160 ერთეულამდე გაიზარდა, ბაზრის ზომა კი 18%-ით გაიზარდა და 361 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, მნიშვნელოვნად, 81%-ით გაიზარდა. მედიუმ ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, ეკონომ სეგმენტში კი 3%-იანი კლება ფიქსირდება.
ბათუმში წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა.