პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წევრი ქვეყნების (ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა და საქართველო) ჯგუფის (Constituency) დირექტორს ტამაშ ვოჟნიტს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ვახტანგ ცინცაძე და ირაკლი ნადარეიშვილი. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში EBRD - ის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები და მიმდინარე და სამომავლო პროექტები.

აღინიშნა, რომ ბანკი საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია, რომელიც ეხმარება ქვეყნის კერძო სექტორს, გახდეს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებზე. 

პირველმა ვიცე-პრემიერმა EBRD - ის დირექტორს საქართველოში არსებული ეკონომიკური ტენდენციები გააცნო. საუბარი წარიმართა ქვეყნის ეკონომიკის ცალკეულ დარგებში მიმდინარე პროცესებზე.

განსაკუთრებული ყურადღება წარიმართა მწვანე ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ლოგისტიკაზე, მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, ტურიზმზე, წარმოებაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე, აგრეთვე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაზეც დიდწილად არის დამოკიდებული ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური ზრდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  საქართველოსა და EBRD - ის სამომავლო თანამშრომლობა და განსაზღვრეს პრიორიტეტული მიმართულებები.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.