აზერბაიჯანში წარმოებული 654 მლნ ტონა ნავთობიდან 484 მლნ ტონა მსოფლიო ბაზრებზე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ხოშბახტ იუსიფზადემ ბაქოს ენერგეტიკული ფორუმის მეორე დღეს გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ სექტორში მდებარე ნავთობისა და გაზის საბადოების აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ბლოკის განვითარების დაწყებიდან, 2023 წლის 1 მაისამდე, 573 მლნ ტონა ნავთობია წარმოებული.

დღეისათვის ACG საბადოების ბლოკიდან 208 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნა მოპოვებული. იუსიფსადემ აღნიშნა, რომ ACG-ში წარმოებული 340 მლნ ტონაზე მეტი ნავთობი აზერბაიჯანის მომგებიან ნავთობის წილს შეადგენდა.