წელს რუსეთში მანდარინის მთლიან იმპორტში საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის წილი 11%-ს შეადგენს და ის წამყვანი იმპორტიორების ხუთეულს ხურავს. ამის შესახებ რუსეთის საცალო კომპანიების ასოციაციის ანგარიშში წერია, რასაც TASS ავრცელებს.
კერძოდ, ქსელური მაღაზიებისთვის მანდარინის ხუთ უმსხვილეს მიმწოდებელს შორის ყველაზე დიდი წილი ჩინეთსა და თურქეთზე მოდის, რაც, საშუალოდ, მანდარინის მთლიანი ასორტიმენტის, დაახლოებით, 25%-ს შეადგენს.
შემდეგი მაროკო და სამხრეთ აფრიკაა, რომელთა წილიც თანაბარია და სათითაოდ 14%-ს შეადგენს. მეხუთეზე 11%-ით აფხაზეთია (საქართველო), ხოლო დარჩენილი წილი ეგვიპტეზე, ისრაელზე, ირანზე, პაკისტანსა და არგენტინაზე ნაწილდება. არგენტინიდან და პაკისტანიდან რუსეთში მანდარინის იმპორტი წელს დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წლევანდელი სეზონის დასაწყისიდან აფხაზეთში 6000 ტონაზე მეტი მანდარინი მოიკრიფა, საიდანაც რუსეთში უკვე 5000 ტონაზე მეტი, ხოლო სხვა ციტრუსთან ერთად მთლიანობაში 7000 ტონა ხილბოსტნეულის პროდუქცია შევიდა. აფხაზეთიდან ციტრუსის ექსპორტი ოქტომბერში იწყება და მარტამდე გრძელდება, პიკი კი დეკემბერში, წინასაახალწლო დღეებშია.
თუმცა დე ფაქტო უწყება წელს 30 ათას ტონა მოსავალს მოელის, რაც 2024 წელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. ამან მოთხოვნა გაზარდა და მიწოდების ფასი კილოგრამზე შარშანდელი 40-50 რუბლიდან 80-100 რუბლამდე (0.51-0.63-დან 1-1.27 დოლარამდე) გაზარდა. მაგალითად, სოჭის დახლებზე ერთ კილოგრამ აფხაზური მანდარინის ფასი 150-დან 300 რუბლამდე (1.90-დან 3.80 დოლარამდე) მერყეობს, მოსკოვის რეგიონში 200 რუბლიდან (2.55 დოლარიდან), ხოლო ურალში 250 რუბლიდან (3.20 დოლარიდან) იწყება.
ვრცლად: www.bpn.ge