სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ პირველადი ჯანდაცვა სოფლად თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სოფლის მოსახლეობისთვის. 

აქვე წერია, რომ სოფლის ექიმების განაწილების დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები არ არის შემუშავებული, რაც აფერხებს სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობის შეფასებას, საკადრო რესურსების რეალური საჭიროებებისა და ვაკანტური პოზიციების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას.

აუდიტორული მოკვლევის შედეგად დგინდება, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არათანაბარ პირობებშია პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის მხრივ:

  • 783 ტერიტორიული ერთეულიდან 45 მათგანში (6%-ში) არ არის დაცული საერთაშორისო კრიტერიუმით − ერთ ექიმზე მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობის რეკომენდებული ზედა ზღვარი და ერთ ექიმზე − 2000-ზე მეტი მოსახლე მოდის. მაგალითად, არის ტერიტორიული ერთეულები, სადაც ერთი ექიმი, შესაბამისად, 4,445 და 5,980 პაციენტს ემსახურება.
  • სოფლის ექიმების განაწილებისას არ არის გათვალისწინებული ტერიტორიული ერთეულისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური გარემოებები. მაგალითად, ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2000-ზე ნაკლებია და 2 სოფელს შორის მანძილი მცირეა, არის 2 საექიმო პუნქტი, როდესაც მსგავსი მოსახლეობის რაოდენობის მქონე მაღალმთიან ტერიტორიულ ერთეულში ერთი საექიმო პუნქტია, ბევრი დასახლებული პუნქტისა და სოფლებს შორის დიდი დაშორების მიუხედავად.

აუდიტორული მოკვლევით გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ერთ ტერიტორიულ ერთეულში დასაქმებული ექიმების დატვირთვა განსხვავებულია. კერძოდ, შერჩეული ტერიტორიული ერთეულების 28%-ში ერთი ექიმი მეორეზე სულ მცირე 70%-ით მეტ პაციენტს იღებს, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს ექიმების განსხვავებულ პროდუქტიულობაზე.

გამოკითხული სოფლის ექიმების უდიდესი ნაწილი სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 0%-დან 19%-მდე გადამისამართებას ახორციელებს სკრინინგის პროგრამებში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სოფლის ექიმებს სამიზნე მოსახლეობის შედარებით მაღალი მოცვა აქვთ პროგრამით გათვალისწინებული სხვა მომსახურებების ფარგლებში, თუმცა გამოწვევად რჩება ექიმების მხრიდან სამიზნე მოსახლეობის სრული მოცვა.

„ექიმებისა და ექთნების პროდუქტიულ მუშაობაზეა დამოკიდებული სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დროული და ხარისხიანი მიწოდება. პროდუქტიულობის ერთ-ერთი საზომია ექიმების დატვირთვა, ასევე სოფლის ექიმს მართებს მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა დაავადებების გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით,“ - აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.