2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2021 წელთან შედარებით 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.3 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

„2022 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წელთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 51.9 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.9 პროცენტი შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე, ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 2.0 და 3.2 პროცენტული პუნქტით და 44.1 პროცენტს და 41.5 პროცენტს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

2022 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.

2022 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.5 პროცენტული პუნქტით.

წინა წელთან შედარებით 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად 6.2, 5.3 და 5.2 პროცენტული პუნქტით.