Meama ყავის კაფსულების მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ევროპული და ამერიკული ფორმატის კაფსულებთან ერთად ყავის აპარატებს, მარცვლებს და ჩაის პაკეტებს სთავაზობს. ამასთან, კომპანია საქართველოს მასშტაბით ყავის Take Away ობიექტების ოპერატორიცაა.

Meama-მ 2024 წლის ფინანსური ანგარიში გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც ჯგუფის მრავალმილიონიანი ზარალი 2024 წელსაც გაგრძელდა და ის 11 მილიონ ლარს შეადგენდა, შედარებისთვის 2023 წელს ზარალი 13 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან Meama-ს ზარალი ჰქონდა ოპერირების ყველა სხვა წელსაც და ჯამურად Meama-ს ჯგუფის მიერ დაგროვილი ზარალი 73.5 მილიონ ლარს შეადგენს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, ზარალის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კომპანიის მიერ მიღებული საოპერაციო შემოსავალი მისი ხარჯების დასაფარად არასაკმარისია. 2024 წელს ჯგუფის შემოსავალი 1 მილიონი ლარით 15 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თუმცა ამავე წელს კომპანიის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 9.4 მილიონ ლარს შეადგენდა, კომპანიას ასევე საქონლის დისტრიბუცია 4.6 მილიონი ლარი დაუჯდა, ადმინისტრაციული ხარჯები კი 9.3 მილიონი ლარი იყო, გარდა ამისა Meama-ს 3 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯები ჰქონდა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, Meama-ს აქტივები 42 მილიონ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 31 მილიონი ლარია. კომპანიის ძირითადი პარტნიორია (85%-ის აქციების მფლობელი) ბიზნესმენი სულიკო ვარსემაშვილი, რომელიც აზარტული თამაშების კომპანია “ბეთლაივის” ერთ-ერთი დამფუძნებელია. აღნიშნულ კომპანიას 2024 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 66 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

bm.ge